საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს უმასპინძლა და ქართულ თანამედროვე ხელოვნებასა და არტისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სტუმრებისადმი მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერის სოციალურ - პოლიტიკური განვითარების პროცესში ქართული კულტურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კულტურა და შემოქმედების ერთმანეთისათვის გაზიარება ქართველი ხალხისათვის სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას წარმოადგენს.
,,ძალიან მიხარია, რომ ამ საღამოს ძალიან ბევრნი სტუმარი გვყავს. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ,,დედაენის დღე“. ეს, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად გვაერთიანებს და რაც ძალიან დიდ ძალას გვაძლევს. ჩვენი არაჩვეულებრივი ენა არის ის, რაც საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება და კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია.
ჩვენი ძალა და ენერგიაა ასევე, ჩვენი კულტურა და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება ერთად ვიზეიმოთ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნა, რომელიც თბილისში წელს უკვე მეოთხედ ტარდება.
ყველასთვის გასაგებია დღევანდელი დღის მნიშვნელობა, TAF - ი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ და ადგილობრივ გალერისტებსა და მხატვრებს. ეს გაერთიანება, სიახლის გაცვლა, თქვენი შემოქმედებითი ნაფიქრალის გაზიარება არის ის, რაც ამ ქალაქსა და ამ ქვეყანას თავის ისტორიულ დანიშნულებასა და სიცოცხლეს აძლევს, რადგან თბილისი კავკასიაში ყოველთვის იყო კულტურის დედაქალაქი და ეს მისი მთავარი დანიშნულებაა. ამით თბილისი აერთიანებდა მთელ კავკასიას და ეს როლი მომავლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ, მომავალშიც ვნახავთ ამ კუთხითაც რამდენად სერიოზული დატვირთვა ექნება მას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ და არ დავიღლებით ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრით. საქართველოს ევროპული მომავალი ისიცაა, როცა ევროპა არის აქ და TAF სწორედ ის ადგილი და ის მომენტია, როცა ევროპა ჩვენთანაა. ეს არის ის თანამედროვეობა, რომელიც გვაძლევს ღრმა რწმენას, რომ ჩვენ აღარ ვართ ჩამოშორებული ევროპულ პროცესებს, შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე და ცივილიზებული მსოფლიოსგან. დღეს შავი ზღვა არის ის, რაც გვაერთიანებს და რაც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით ევროპის მთავარი ნიშნით: ყველა თავისი იდენტობით, ყველა თავისი ენით, ყველა თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით.
მინდა დღეს ვისარგებლო ამ დღით და დავაჯილდოო ღონისძიების ორგანიზატორები და ინიციატორები. მახსოვს რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის დაწყება, მაგრამ ურთულესია ასევე მისი გაგრძელება, განვითარება, გაზრდა, გაძლიერება და ეს არის ის, რასაც მშვენივრად ახერხებთ და თქვენ ამას მთელი ქართული კულტურული საზოგადოება უნდა გიმადლოდეთ და ყველანი ძალიან ამაყები ვიყოთ, რომ ეს თქვენ ჩვენთვის შეძელით. ძალიან დიდი მადლობა ორივეს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრის დამფუძნებელი კახა გველესიანი და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრის არტ დირექტორი ერიკ შლოსერი.
მოწვეული სტუმრებისათვის სასახლეში ქართველი დიზაინერის, ირაკლი ნასიძისა და სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის ერთობლივი პერფორმანსი გაიმართა - „ხელოვნება - კულტურის მეხსიერება და მომავლის ჭვრეტა“.
სტუმრების წინაშე წარდგნენ ასევე ანსამბლი ,,შავნაბადა“, რომელმაც ქართული ხალხური მუსიკის მოტივებზე შექმნილი კომპოზიცია - ,,ევროკავშირის ჰიმნი“ შეასრულა და გორის ქალთა კამერული გუნდი.