საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში დიასპორის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა ცესკოს თავმჯდომარესთან, წევრებთან, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დიასპორას საარჩევნო უფლების გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივი მუშაობისაკენ მოუწოდა:
,,ჩვენ უკვე მეორედ შევიკრიბეთ, ამჯერად, ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, არასამთავრობოებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, რათა ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ, რომელიც დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გაადვილებას ეხება.
ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, როგორც ჩვენს დიასპორაში, ასევე, მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, რადგან პრაქტიკულად, ოჯახი არაა დარჩენილი, რომლის წევრიც საზღვარგარეთ არ ცხოვრობს, ამიტომ ეს ჩვენი თანამემამულეების ერთობლივი ინტერესია.
ჩვენ ამ თემაზე ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გვქონდა, ასევე გაიმართა ონლაინშეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. საჭიროა, არსებული სიტუაციის განხილვა. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი ისაა, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან.
პირველ რიგში, საკონსულო რეგისტრაცია საკონსულოებში ტარდება. ეს რეგისტრაცია უბნის გახსნის წინაპირობაა. საკონსულოებიდან უბნების გახსნის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, შემდეგ კი, საგარეომ ცესკოს უნდა მიაწოდოს. ეს პირველი ერთი ეტაპია.
ასევე, სამინისტროა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია და ეს საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. ჩვენ გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერია გაკეთებული და ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი და არა 4-5 თვეში.
ასევე, შემდეგ ეტაპზე ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროზეა დამოკიდებული უკვე საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, ცესკო-სთვის სიების გადაცემა, მთელი ეს პროცესი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია და აქედან იბადება ძალიან ბევრი ხარვეზი. თუ არ არსებობს მუშაობის ერთობლივი სურვილი, მერე ყოველთვის შეიძლება პინგ-პონგი:- ,,ჩემი ბრალი არ არის, ის არ მაძლევს ინფორმაციას, მე ამაში არ ვმონაწილეობ, მათი პასუხისმგებლობაა“,- და ეს უკვე დღეს გვესმის, ამ შეხვედრების მიზანიც ისაა, რომ სანამ დროა ყველა ხარვეზი მაქსიმალურად გამოსწორდეს.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ არსებობს კანონი, რომლითაც უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და თუ 50-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ერთ ქალაქში უფლება აქვთ მოითხოვონ საარჩევნო უბნის გახსნა და მიიღონ ეს შესაძლებლობა.
ამ საკითხს კანონი არეგულირებს, მეორე მხრივ კი, ძალიან ოფიციალურად - საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში და ბევრი სხვა გვეუბნება, რომ არა და ვერ და არ შეასრულებენ ამ კანონს. კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება იმდენს გახსნიან, კატეგორიულად აქვთ განცხადებული, რომ არა, შეუძლებელია, ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ,,ყოველ პადიეზდში“ არ გავხსნითო, ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია და არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც [მათი მხრიდანაა] გამოყენებული არის ის, რომ ეს უცხო ქვეყნებთან პროცედურების ჩატარებას მოითხოვს, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში არსებული სივრცეები გახსნას და რაც სრულიად შესაძლებელია.
ჩვენ გვქონდა და მომავალ კვირას კიდევ გვექნება შეხვედრები ელჩებთან, რომელთანაც ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს. ყველა სახელმწიფოს ელჩმა, ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა მზადყოფნა განაცხადეს, რომ ჩვენ გაგვიადვილეს ეს საკითხი. მე რამდენადაც ვიცი (და თუ ეს ასე არ არის, მზად ვარ მოვისმინო შესწორება), საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არანაირი საუბარი არ ყოფილა აქ მყოფ ელჩებთან, რათა ამ საკითხმა წინ წაიწიოს და მოინახოს გზები - ეს სრულიად შესაძლებელი - ამის მაგალითი ჩვენთან ძალიან ახლოს არსებობს. მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის [საზღვარგარეთ]. თუ მოლდოვას შეუძლია, ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზია გვაქვს და ალბათ, ჩვენც შეგვიძლია და რატომ ვამბობთ, რომ ჩვენ ამის რესურსი არ გაგვაჩნია. ცესკოსგან გასულ შეხვედრაზე მოვისმინე, რომ თუ მიიღებენ ინფორმაციას [საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან] დამატებითი უბნების გასახსნელად მათ ამისათვის საჭირო რესურსი გააჩნიათ. ამიტომ ვამბობ, რომ ერთგვარი პინგ-პონგია დაწყებული, თუ მივიღებთ ინფორმაციას საგარეოსგანო, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზეო.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ონლაინშეხვედრებისას გამოიკვეთა - ჩვენი დიასპორა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ იქ, სადაც მრავლად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, სხვადასხვა ქალაქებში არსებული სივრცეები - ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართები, რასაც დიასპორული ორგანიზაციები იყენებენ, დათმონ საარჩევნო პერიოდისათვის. ან თვითონ იმუშაონ იმაზე, რომ ქალაქში, სადაც ცხოვრობენ მოიპოვონ ასეთი სივრცე. კიდევ მოლდოვას მაგალითით ის პრაქტიკაც არსებობს, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე, რომ ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი გამოსავალია.
ერთი მთავარი საკითხია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენ მოქალაქეების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს არანაირ დისკრიმინაციას. გასაგებია, რომ ყველგან, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს ალბათ, არ იქნება შესაძლებლობა [უბნების გახსნის], მაგრამ ნაბიჯები რომ უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქში, სადაც ყველამ ვიცით, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები იქ გაიხსნას საარჩევნო უბნები.
ჩემი მოწოდებაა, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რათა დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება - ის, რაც მათი მინიმალური უფლებაა, და არ გამოვიყენოთ მათ მიმართ არც დისკრიმინაცია და არც შეურაცხმყოფელი გზავნილები, რაც ჩემთვის და მე მგონი, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის სრულიად გაუგებარია.
არ არის საკმარისი, ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როცა ევროპული ქვეყნებიდან ჩამოდიან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას და პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ, საჭიროა, იმ ადამიანებს, ვინც იქ მოღვაწეობენ, ან წვალობენ კიდევაც, მივცეთ ის საშუალება, რაც ყველა მოქალაქეს ეკუთვნის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.