საქართველოს და ისლანდიის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტი:
მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო,
მოხარული ვარ გიმასპინძლოთ საქართველოში. დღეს ისტორიული დღეა, რადგანაც 31 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების განმავლობაში, ქვეყნებს შორის ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ.
პრეზიდენტი იოჰანესონის ვიზიტი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა. პირველ რიგში, ეს არის ის დრო, როცა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ასევე რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ემზადება არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის - გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის.
ეს პერიოდი, ზოგადად, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის [ევროპის] მომავალიც უკრაინაში წყდება, სადაც სასტიკი ომი აგრესიისა და აგრესორის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით უნდა დასრულდეს. დღეს ჩვენ ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანი სოლიდარობაა.
ისლანდია, როგორც ნატოს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციით გამყარებული მიზანი ნატოში ინტეგრაციაა, იზიარებენ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას.
ამ მხრივ განვიხილეთ ალიანსის სტრატეგიაში შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი - ვაშინგტონის სამიტი, რათა ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს.
პრეზიდენტ იოჰანესონთან ერთად ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი სტრატეგიული გამოწვევა. ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში - რასაც რუსეთი პროექტად აცხადებს, აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა, ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ახალ აგრესიულ ნაბიჯებს და შავი ზღვის მიმართ დესტაბილიზაციის ნაბიჯებს წარმოადგენს. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოჰანესონმა სურვილი გამოთქვა, რომ საოკუპაციო ხაზი მოინახულოს და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის უმძიმეს სახესა და შედეგებს.
ასევე, განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობის მრავალფეროვანი ასპექტები, კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებული გლობალური გამოწვევები, რომელიც ჩვენი დროისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს ის სფეროა, სადაც თქვენი გამოცდილების გაზიარება და ტექნოლოგიების გაცვლა უნდა მოხდეს, რამეთუ თქვენი ქვეყანა ამაში დიდი ხანია ჩართულია.
პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენი ორი ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნება ფასდაუდებელი საგანძურია, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის უდიდესი პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება. მწვანე და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
პრეზიდენტ იოჰანესონი საქართველოში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტისას საქართველოს და ისლანდიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამ შესაძლებლობების სიღრმისეულად განხილვას შეძლებენ და იმედი მაქვს, რომ კონკრეტულ და ერთობლივ მიზნებს დასახავენ.
ისლანდიას ბუნებრივი კრიზისების მართვაში უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება გააჩნია. მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებითაც გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა. გასულ წელს ჩვენთან ორი დიდი ტრაგედია მოხდა და დღეს უკვე ვიცით, რომ აუცილებელია, ამ დარგში ჩვენი სწრაფი რეაგირება იყოს სხვაგვარად მოფიქრებული. ამ მიმართულებით ჩვენი ყველა ახლო პარტნიორის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები და მზად ვართ, ორ ხალხსა და ქვეყანას შორის ამ მიმართულებით მოვნახოთ ურთიერთგაცვლის მეტი გზა, რათა ჩვენს კულტურულ საგანძურსა და ხალხთა შორის მეტი დაახლოება მოხდეს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო სტუმრობისთვის.
ისლანდიის პრეზიდენტი:
მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო პრეზიდენტო,
მადლობას გიხდით ამ მშვენიერ ქვეყანაში მასპინძლობისათვის, საქართველოში სტუმრობა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი ოცნება იყო.
პირველად ქართველ ხალხს, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, 1990 წელს შევხვდი, ქართველ სტუდენტებს ინგლისში შევხვდი როცა უნივერსიტეტში ვასწავლიდი, ამ დღის შემდეგ საქართველოში სტუმრობა ჩემი ოცნება იყო.
საქართველოს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ისლანდია მზადაა სხვადასხვა სფეროში საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ითანამშრომლოს.
ყველა ის ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რეალურად იქნა ჩვენ მიერ განხილული, როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ საქართველოს ამ კუთხით სრულიად მხარს ვუჭერთ და აგრეთვე მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ მხარდაჭერა გამოვხატოთ.
ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად ჩვენთვის აუცილებელია, რომ საერთაშორისო კანონი პატივცემული იყოს. ძალა არ იყოს ის, რაც ყველაზე ღირებულია ამ დღევანდელ მსოფლიოში. შესაბამისად, ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და უკრაინას შესთავაზა მხარდაჭერა, უკრაინელ ხალხს გაუწოდა დახმარების ხელი. ჩვენ ისლანდიაში მივიღეთ უკრაინიდან დევნილი ხალხი, როგორც ვხვდები საქართველოშიც. ჩვენ ამ პროცესში გავიაზრეთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და დავგმოთ ნებისმიერი ტიპის აგრესია.
ჩვენს საქართველოში ვიზიტს რაც ეხება, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგიაზე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია თანამშრომლობა უფრო გავაღრმაოთ, ამის მაგალითი გვაქვს ახალქალაქში, სადაც ისლანდიური კომპანია მონაწილეობს და ამ მიმართულებით დამატებით თანამშრომლობას მივესალმებით. როდესაც ბაქოსა და ისლანდიას შორის პარტნიორობა ყალიბდებოდა, სხვადასხვა მწვანე საკითხებთან დაკავშირებით ეს თანამშრომლობა შევინარჩუნეთ. თბილისსა და რეიკიავიკს ასევე რაც აერთიანებს თბილი აბანოებია. ამ კუთხით, ჩვენ გვჯერა, რომ ისლანდიას აქვს ის, რაც შეუძლია ამ მიმართულებით საქართველოს შესთავაზოს. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის ახალი ხიდები ვეძებოთ საქართველოში.
საქართველოს აქვს ძალიან დიდი ლიტერატურული მარაგი. ჩვენ ახლა რუსთაველის დარბაზში ვიმყოფებით. ხვალ ჩვენ გვექნება პატივი, ხელი მოვაწეროთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ისლანდიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რომლის საფუძველზე ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის მიმოცვლა მოხდება და ამაზე არ უნდა გავჩერდეთ.
აგრეთვე, ტურიზმიც შეიძლება იქნას წახალისებული. რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან საინტერესო ადგილმდებარეობა აქვს, სადაც ვხვდებით როგორც საზღვაო სანაპიროებს, ასევე მთებს. ასე რომ, ვფიქრობ საქართველოს მიმართ ისლანდიელების ინტერესი ჩემი ვიზიტის შემდგომ უფრო გაიზრდება.
ახლა მინდა დავუბრუნდე ჩემს პირად საკითხს. მე მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი ქართული სახელი იოჰანესონი ქართულ ენაზე თარგმნილი იქნებოდა როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, მომდევნო დღეების განმავლობაში ამ სახელით ვიყო ცნობილი საქართველოში.
მოხარული ვარ, რომ ქვეყნის დათვალიერების საშუალება დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა, ვინაიდან ყოველთვის მოვუწოდებ საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულ დიპლომატებს, რომ გავიდნენ დედაქალაქის გარეთ.
ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ დღეს საქართველოშია. აგრეთვე, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა რამდენიმე ფრაზა მასწავლეს, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება: მე შენ მიყვარხარ.
მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის."