დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის, გამოვლინდნენ ნომინანტები, რომელთა დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში 2024 წელს გაიმართება.
კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელს ატარებს.
ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
- პროზის საუკეთესო თარგმანი,
- პოეზიის საუკეთესო თარგმანი,
- სამეცნიერო ნაშრომის საუკეთესო თარგმანი,
- ესეს და დოკუმენტური პროზის საუკეთესო თარგმანი,
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.