საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრის „მართლმსაჯულების სახლის“ ფილიალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტს ზუგდიდში „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნო:
„მართლმსაჯულების სახლის“ პარტნიორია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომლის მხარდაჭერით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმის საფუძველზე, სამართლის სფეროს სტუდენტებისთვის, ასევე აფხაზეთიდან გადმოსული სტუდენტებისთვის უფასო სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ამავე ბაზაზე გაიხსნა სასამართლო მედიაციის ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს დავების მორიგებით დასრულებაში დაეხმარებათ.
,,წლევანდელ წელს კარგად ვამთავრებთ და ძალიან ბევრი სასიხარულო ამბები გვაქვს. შეიძლება მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში ყველასთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა. ყველას მინდა მოგილოცოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე, შემდგომში კიდევ დიდხანს ვიმსჯელებთ: რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. ცხოვრებაში ისე მარტივად არაფერი მიიღწევა და ესეც არ მოხდა მარტივად, ამასაც სჭირდება მომზადება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინტერესი, რადგან თუ საქმის მიმართ ინტერესი და ნება არ არსებობს, მაშინ ეს რაღაც ინერციაში გადადის, არასაინტერესო და არაქმედითი ხდება. ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში ამ ორგანიზაციის პირველი ფილიალის გახსნა. მართლმსაჯულება არის ის, რაც ყველა ქართველს ამოძრავებს, რის არარსებობაც ყველა ქართველში წინააღმდეგობას იწვევს და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის - არა ეკონომიკური და არა ყოფითი საკითხები, უსამართლობა. ყოველთვის ეს ძალიან ღრმადაა ქართულ გენეტიკაში, ან მოსამართლე უნდა იყო, ან ექიმი და ამას მიჰყვებით თქვენც. გისურვებთ, ისეთ ქვეყანაში იცხოვროთ, სადაც მართლმსაჯულება და სასამართლო იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, როგორზეც ვოცნებობთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი წინა თაობებიც. იყო პერიოდები, როცა ქვეყანაში არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო. იყო ასევე, საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოს. იმის შემდეგ, ისევ დავიწყეთ სწავლა და შეჩვევა იმისა, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და ახლა ამ გზით მივდივართ. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელსაც; ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რათა ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. ამისთვის ცენტრის ამ ფილიალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ, სწორედ იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც კი არ გვყოფს, არამედ გვაერთიანებს, რადგან ჩვენი დაყოფა არ შეიძლება, ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს და ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს. ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა ის, რომ ელემენტარული ადამიანის უფლებები, რომელიც დღეს ცივილიზებულ ქვეყანას ქმნის, იქ, ხიდის მეორე მხარეს არ არის გაზიარებული და რომელთან შეგუებაც არ შეიძლება. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ვერ სარგებლობს ამ ელემენტარული უფლებებით. ამ უფლებების დაცვაც თქვენ გევალებათ. ეს არის სამართლიანი სახელმწიფო და ჩვენ ყველა ერთად უნდა ვისწრაფოდეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოსკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა და არა მხოლოდ თქვენ, ისინიც, ვინც იქიდანაც გვისმენენ, მოწადინებულნი არიან, რომ ჩვენ ეს მშვიდობიანად და ერთიანად შევასრულოთ - ეს არის ჩვენი ერთიანი და ევროპული მომავალი, რომელსაც ვუხსნით მათაც, იქ, სადაც არიან, იმისთვის, რომ ისარგებლონ იმ პერსპექტივით, რასაც ევროპა გვიხსნის დღეს და ხვალ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის ფილიალში პრაქტიკოსი იურისტები მომზადდებიან. პირველ ეტაპზე დასაქმდებიან აფხაზეთში მცხოვრები იურისტები, სტუდენტები, რომლებიც მომზადდებიან პროფესიული ეთიკის, დიპლომატიის და მოლაპარაკების ხელოვნების, ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციის ხელოვნების მიმართულებითა და სამართლის ყველა სფეროში.