საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
პრეზიდენტმა სპორტსმენებს მიმართა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
,,პირველ რიგში მივესალმე ყველაზე ახალგაზრდა, პატარა თაობას, რომელიც ნამდვილად ჩვენს მომავალსა და ჩვენს სპორტულ მომავალს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად ექნებათ იმის საშუალება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრად იხილონ (დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება) - და სანამ ეს მოხდება მანამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, სპორტული სამყარო ევროკავშირში უკვე შესული ხართ, თქვენ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ და ძალიან წარმატებულ საქართველოს, რომელსაც სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს, სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში - საქართველო დღეს პრაქტიკულად ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც შინ უსაზღვრო რაოდენობით მედლები მოაქვს და ამისთვის თქვენ ნამდვილად ღირსნი ხართ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით, თქვენმა პრეზიდენტმა, მადლობა გადაგიხადოთ.
სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭორდება ორი რამ: ერთია დისციპლინა და ეს დისციპლინა, რომ არ გქონდეთ არ იქნებოდით წარმატებულნი და მეორე თავისუფლება, ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება ამ კუთხით, ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს. თავისუფლება არის ის, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ყველაზე მეტად ჩვენზეა დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალს და საკუთარ თავისუფლებას, ამიტომ მე მინდა, რომ გისურვოთ ყველას მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება!
ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპას გააგონებთ, რადგან თქვენი წარმატებით უკვე ესმით ჩვენი ხმა, მაგრამ საჭიროა, ჩვენ ეს კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს საქართველოდან მიტანილი საერთო ხმა იყოს და მე ვიცი, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება, ესეც საზოგადოების ნიშანია, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ მიზნით, 9 დეკმებერს ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარში, რომელსაც ვუერთდებით, ისევე, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ იმისთვის, რომ ეს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი იყოს, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ევროპისგან ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ველოდებით. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.