საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
,,მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა მოგახსენოთ სასახლეში მობრძანებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი მედიაა წარმომადგენელი ერთად შეკრებილი პრეზიდენტის სასახლეში - ორბელიანების სასახლეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანები ხარობენ, მათი სული ხარობს იქ, სადაც არიან, რომ ასეთი საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, ჩვენთან.
მინდა, ასევე განსაკუთრებით მივესალმო რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს მედიას; მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს იმისთვის, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.
მინდა ვისურვო, რომ ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი შემთხვევა გახდეს, რადგან ევროპა სწორედ ესაა. ევროპაა ის რომ დღეს, ამ საღამოს სასახლეში აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული და მოწვეული. არ ყოფილა არანაირი გარჩევა რაიმე მიმართულებითა თუ ორიენტაციით და შევადგინეთ რაც შეიძლებოდა ყველაზე სრულყოფილი სია. ვინმე თუ არ არის ამ სიაში ეს რაღაც შეცდომაა, მაგრამ არა განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ამისთვისაც ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ერთად ხართ და თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რის მიმართაც მოგვიწოდებს ევროპა - სწორედ ეს არის, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გავლილი გვაქვს, ეს წარსულია და აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა ერთნაირად ფიქრი, ერთნაირად საუბარი.
დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ კამპანიის ფარგლებში ,,ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას!“ და თითოეული ჩვენგანის ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ; ყველამ ვიცით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს მართლა ყველას ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობამდე მიიტანოთ თუ რა არის რეალურად ევროპის კეთილდღეობა ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები - ეს არის ის, რაც თქვენ უფრო შეგიძლიათ, ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს, ან პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება შემდეგი წელი იმისათვის, რათა ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს, ასოცირებული ტრიოდან - უკრაინასა და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკები, რომელიც არის გზა პირდაპირი და უშუალო გაწევრიანებამდე.
მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლა და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება; ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
სასახლეში თქვენამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი იმედით გვიყურებენ, რადგან მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და მათ ჩვენ უნდა უძღვებოდეთ წინ, რადგან ახალგაზრდებს სჭირდებათ არამხოლოდ იმედი, სჭირდებათ ცოდნა, სჭირდებათ დანახვა როგორია ეს გზა, როგორ უნდა გაიარონ და როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა, რათა უცებ არ გადაწყვიტონ საზღვარგარეთ წასვლა. რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება ყველას შეუძლია მიიღოს, რადგან თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ახალგაზრდები და ჩვენ მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ ჩვენს შედეგს.
კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრებები სხვადასხვა მიზნით, ფორმითა და მიზეზით მომავალშიც იქნება - ყველა ერთად ვიქნებით და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველას!“- განაცხადა პრეზიდენტმა მედიისადმი მიმართვაში.