პრეზიდენტი - დღეს შევიკრიბეთ რათა პატივი მივაგოთ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად - სწორედ ესაა ადამიანის უმაღლესი ღირსება!

,,პირველ რიგში, მინდა მივესალმო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს და მათი დიდი მწუხარება გავიზიარო, რომელიც მხოლოდ მათი მწუხარება არ არის, ეს მთელი ქვეყნის მწუხარებაცაა. 

მინდა, მივესალმო ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას! 

ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გასწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გასწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამინის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული. 

მე ვიცი, რომ უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია. 

მე ახლახან ვიყავი სვანეთში, არ შეიძლება არ გავიხსენო ხერგიანი და სხვა ძალიან ცნობილი ალპინისტები, ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან, ქვეყნისათვის, რომელსაც ღმერთმა კავკასიის მთები არგუნა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტუქტურა კიდევ უფრო გამართული უნდა იყოს, რომ ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული.

და კიდევ ერთი, დღეს მთელი მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და რომელსაც საშინელი ხანძრები, ან წყალდიდობები ახლავს თან. აქაც ჩვენი მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რომ ჩვენ საზოგადოება უკეთესად ვიყოთ დაცული.

ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღე სწორედ მათი გმირობის გახსენების დღე იყო. ეს ძალიან რისკიანი პროფესიებია, მათ შორის ექიმები, რომლებიც ასევე, მონაწილეობდნენ ამ სამაშველო ოპერაციაში. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად, რისკების შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია.

პრეზიდენტის სიტყვა გუდაურში, 29 ივლისს სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა დააჯილდოების ცერემონიაზე

სხვა სიახლეები