საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრესისათვის პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი მასპინძლობისათვის. პირადად მე ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ ქვეყანაში ჩამოვლის საშუალება. იმ ქვეყანაში, რომელთანაც ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ. ძალიან მოხარული ვიყავი, როცა 2 წლის წინ თქვენ მესტუმრეთ საქართველოში და მე მგონი, რომ ეს ორივე ვიზიტი, (კვიპროსის პირველი პრეზიდენტი საქართველოში და საქართველოს პირველი პრეზიდენტი კვიპროსში), ეს მოვლენა საკმაოდ სიმბოლურია და ასახავს იმ პოლიტიკურ ნებას, რაც ჩვენს ორივე ქვეყანას გააჩნია, რომ ამ ურთიერთობებზე ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გაღრმავებული პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ კულტურული ურთიერთობები. ეს არის საწყისი. ჩვენ ორ ქვეყანას აქვს საერთო ისტორია, რელიგია და ძალიან ბევრი გამოწვევა. პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მძიმე სურათია, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს და შეიძლება ერთი მეორესთან ვპოულობთ რაღაც ახალ ძალას.
მე მინდა, პირველ რიგში, გითხრათ, თუ რამდენად ვაფასებ პირადად მე, საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს საპატრიარქო იმას, რომ კვიპროსმა გადმოგვცა მიწა იმისთვის, რათა იმ ადგილას, სადაც მე-10 საუკუნეში ქართული მონასტერი, სასულიერო კერა არსებობდა, ახალი მონასტერი აშენდეს.
ეს ძალიან სიმბოლური ნაბიჯია, რამეთუ ჩვენ უფრო მიჩვეული ვართ იმას, რომ გვართმევენ ტერიტორიებს, ვიდრე იმას, რომ გვჩუქნიან ტერიტორიებს და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ვისურვო, რომ ეს იყოს სწორედ ახალი ეპოქის სიმბოლო და ჩვენ მომავალ წლებში ვნახოთ ბევრად მეტი დაბრუნებული ტერიტორიები.
მინდა გითხრათ ასევე, რომ საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზის მიმართ. ეს ალბათ ისაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ განსაცდელში ვიცოდეთ ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე მხარს გვიჭერენ და გვიმყარებენ.
საქართველო, თავის მხრივ, მხარს უჭერს კვიპროსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით და ევროკავშირისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი რეზოლუციებით. ეს არის ჩვენი მსოფლიოს საერთო სამართალი, რომელსაც ყველა უნდა ვექვემდებარებოდეთ.
მომავალ წელს საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება და ალბათ, ეს კარგი მომენტია, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ - ახალ საფეხურზე ავიყვანოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და დავიწყოთ ახალი ფურცლით ეს ურთიერთობები, რომლებიც შეგვიძლია ბევრი მიმართულებით გავაძლიეროთ.
ჩვენი შეხვედრისას განვიხილეთ ის, რაც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ხვედრია - ეს არის ოკუპაცია - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რასაც ხაზი გავუსვი თქვენთან პირადად და გაფართოებული შეხვედრისას - პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა და დაამძიმა ის ჰუმანიტარული სურათი, რაც ისედაც ტრაგიკულია ჩვენს შემთხვევაში.
ამასთან ერთად, გრძელდება ის, რაც ყველაზე მძიმეა ჩვენთვის - ის რუსული პოლიტიკა, გრძელდება გატაცებები, გრძელდება ბორდერიზაცია, გრძელდება მილიტარიზაცია და გრძელდება ქართული ენის, კულტურისა და ქართული ძეგლების წინააღმდეგ უწყვეტი ბრძოლა.
ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი ღონისძიებების ცენტრშია. ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენს პარტნიორებზე, მათ ურთიერთობებზე, ევროკავშირის, ამერიკის, (მაგრამ არამხოლოდ) ყველა ჩვენს მეგობარ პარტნიორზე, იმისთვის, რომ საქართველოს ეს უმძიმესი პრობლემა უწყვეტად წარადგინონ საერთაშორისო ფორმატებში - ეს არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ არამხოლოდ, ეს შეიძლება იყოს ორმხრივი ფორმატები და ჩვენ ჩვენი მეგობრების ძალიან მადლიერი ვართ, როცა ისინი, თუნდაც ორმხრივ ფორმატში წარადგენენ ჩვენს ტკივილს და ჩვენს მოთხოვნებს.
მე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ევროკავშირის ფორმატში კვიპროსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ კვიპროსი ეს არის პატარა ქვეყანა და არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლების ევროკავშირის ბედს და ამინდს წყვეტენ, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან სიმბოლურიცაა, რადგან კვიპროსმა ის გზა გაიარა, რომელზეც ჩვენ დღეს ვდგავართ, 2004 წელს მიაღწია შედეგს და მან იცის, როგორ უნდა გაიაროს ეს გზა, რამდენადაა ეს დამოკიდებული შიგნით, არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერაზე და ჩვენ ვიცით, რამდენად თანმიმდევრულად ვღებულობთ კვიპროსისგან ამ მხარდაჭერას. ეს დღეს, ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენ ველოდებით ევროკავშირის უმაღლესი საბჭოს ჩატარებას, შემდეგ, დეკემბერში, ჩვენი პარტნიორობის სამიტს და იქ უნდა გადაწყდეს ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთობების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი, რამეთუ ჩვენ ველოდებით არამხოლოდ პოლიტიკურ გზავნილებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ იქნება, არამედ ჩვენ ველოდებით სამოქმედო გზას, რომ დავინახოთ საით მივდივართ, ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს - ეს იქნება სექტორული ინტეგრაციას, თუ ინფრასტრუქტურული კუთხით, სადაც უკვე ნათელია, რომ შემდეგი დიდი პროექტები დამოკიდებული იქნება ევროკავშირის ჩართულობაზე და ჩვენთვის, კავკასიის რეგიონში, (რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეზობლო რეგიონი ხდება ევროკავშირისთვის), ჩვენთვის ერთი პრინციპია გარდაუვალი, რომ არცერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, ან ფორმატი, არ უნდა არსებობდეს ამ რეგიონში, რომელშიც არ იქნება ჩართული ევროკავშირი. ჩვენთვის მისი ჩართულობა ის აუცილებელი პირობაა ამ რეგიონში, რომელიც ღია უნდა იყოს ყველასათვის და ყველას თანამშრომლობა ხორციელდებოდეს, მაგრამ ჩვენთვის ევროკავშირი მათ შორისაა, რომელიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ახალ, დიდ პროექტებში და ახალ ფორმატებში.
ამდენად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება ის სასინჯი ქვა, სადაც ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, დავინახავთ რა იქნება ჩვენი ევროკავშირთან დაახლოების შემდეგი ეტაპები იმ მიმდინარე გზაზე, რომელიც 2024 წლამდე მიგვიყვანს, როცა ჩვენ კანდიდატურის განაცხადს განვახორციელებთ.
ამ დროს ძალიან მნიშვენელოვანია გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობების საყრდენი. პოლიტიკური ურთიერთობები აყვანილია ახალ დონეზე, ჩვენ ვართ ამის მაჩვენებლები, მაგრამ ასევე, უნდა ახალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები.
ჩვენ გავიარეთ რაღაც გეგმები: მაგალითად, მომავალ წელს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელს აღვნიშნავთ, ჩვენ ვისარგებლოთ ამით და ორივე მხრივ გავმართოთ კულტურული დღეები, თუმცა, ბევრად მეტიც შეგვიძლია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ის, რაც ხმელთაშუა ზღვაში ახალი აღმოჩენილია, ეს იქნება გაზის კუთხით და სატრანსპორტო ახალი გზები, რომელიც იჭრება, ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერ ამ ახალ წამოწყებებში ვიყოთ ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში და სადაც შესაძლებელია დაკავშირებული.
ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საზღვაო კუთხით დიდია კვიპროსის გამოცდილება, რაც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს და ჩვენ გვინდა, რომ ამ კუთხითაც ვისარგებლოთ თქვენი დიდი ხნის გამოცდილებით.
ტურიზმი ის დარგია, რაზეც ჩვენი ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული და რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და კონკურენციის მიუხედავად, აქაც შეგვიძლია მოვნახოთ ის გზები, რითაც ორივე ქვეყანაში ტურისტულ ნაკადს გავაძლიერებთ.
ასევე, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დიასპორაა, რომელიც ძალიან კარგადაა მიღებული. მე ამ საღამოს შევხვდები ქართულ დიასპორას, მინდა წინასწარ მათგან ძალიან დიდი მადლობა გადმოგცეთ იმ მასპინძლობისთვის, რასაც კვიპროსი ჩვენს თანამოქალაქეებს უწევს.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნიქოზიას. დიდი მადლობა ამ მიღებისთვის. მე ვიცი, რომ თქვენთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალიან ახლო ურთიერთობას ჩვენ და ჩვენს ქვეყნებს შორის.
კვიპროსის პრეზიდენტი: ნიკოს ანასტასიადისი: ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, რაც საშუალებას მაძლევს დაგიბრუნოთ ის გულითადი მასპინძლობა თქვენც და თქვენს დელეგაციასაც, როგორიც მე გამიწიეთ 2019 წლის აპრილში. ეს ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ ვიზიტად, რადგან ეს იყო კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჩვენს საერთო მცდელობაში გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ისტორიულია თქვენი ვიზიტი, რამეთუ ის წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს კვიპროსზე.
კვიპროს-საქართველოს ძალიან დიდხნიანი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე რელიგიურ და კულტურულ სფეროებში. დამახასიათებელია, რომ ქართული საზოგადოება ერთ-ერთი უძველესი მართმადიდებლური საზოგადოებაა ჩვენს კუნძულზე, რასაც მოწმობს მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელიც ქართული კულტურის ძლიერ ცენტრს წარმოადგენს. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ ქართული საზოგადოების მოღვაწეობას კუნძულზე, რომელიც დაახლოებით, 2000 ადამიანს წარმოადგენს, სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადაეცა ამ მონასტრის გარშემო მიწის ის ნაკვეთი, რათა აქ აღიმართოს სამონასტრო კომპლექსი, რომ ქართველებმა რელიგიური მსახურება შეძლონ.
ქალბატონ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ჩვენი შეხედულებები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, იმ ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების შესახებ, რომელთა თაობაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ეს არის შეთანხმებები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ცირკულარული მიგრაცია, ასევე, აკადემიური ხარისხების გაცვლა და ცნობა და ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
ასევე, უმნიშვნელოვანესია სწორედ ის ბიზნეს შეთანხმებები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე. დღეს ვისაუბრეთ ძალიან ფართო თემებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს.
ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე კვიპროსის რესპუბლიკის მხარდაჭერა, რომელიც თბილისისა და ბრუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობას შეეხება.