საქართველოს პრეზიდენტი - კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება! ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი

900 წელი გავიდა დიდგორის გამარჯვებიდან, თუმცა დიდგორით აღფრთოვანება ხშირად ხელს გვიშლის დავით აღმაშენებლის რეფორმების სრულყოფილ გააზრებაში. გვიჭირს დავინახოთ დიდი სამხედრო გამარჯვების მიღმა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის უფრო მასშტაბური ბრძოლები და გამარჯვებები, რამაც შექმნა თანამედროვე საქართველო!

დავით აღმაშენებელმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე სტრუქტურებით და თანამედროვე ჯარით, სახელმწიფოში დანერგა ის ქრისტიანული და უნივერსალური ფასეულობები, რითაც მოვედით დღემდე - ტოლერანტობა, როგორც ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ფუნდამენტი და მისი ცივილიზაციის მონაპოვარი.

დღეს ტოლერანტობის ეს ტრადიცია ახლებურად უნდა გავიაზროთ, თანამედროვე საქართველოში უნდა შევქმნათ გარანტია თავისუფალი და ყველასათვის დაცული საზოგადოების. დავითის მსგავსად განათლებას და კულტურას უნდა მივანიჭოთ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობა.

900 წლის წინ დიდგორი იყო ის ბრძოლა, საიდანაც საქართველო კავკასიის ხალხებთან ერთად, მიუხედავად რელიგიური და ეროვნული ნიშნებისა, გამოვიდა გამარჯვებული. ეს არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის საფუძველია, არამედ ასევე ჩვენი კავკასიური მომავლის გზასაც წარმოადგენს.

დიდგორი დღეს ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ვადიდოთ ჩვენი წინაპრების თავდადება, ვიამაყოთ ამ ღირსეული წარსულით და გმირობით.

დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და მაშასადამესახელმწიფოს, და რომელმაც ჩვენი 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა! ნუთუ ეს, ამ მცირერიცხოვანი ერისათვის, არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებიათუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე! ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინუნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი.

სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედანკომფორტში მყოფი ზოგივითომც პოლიტიკოსი ბედავს და ცილს წამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა!

აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც!

ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგასთუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება! ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანირამეთუ, ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლენი!

დიდგორისეული ბრძოლები დღეს ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლება. გლობალური საფრთხეები [და აქ მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობმოითხოვს გლობალურ პასუხს და გლობალურ სოლიდარობას. ამ დღეებში ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში განვითარებული ტრაგედიების მომსწრე გავხდით - საბერძნეთი, იტალია, თურქეთი აღმოჩნდნენ წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას. ამავე დროსმინდავისარგებლო ამ საშუალებით და ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ჩვენი დიასპორის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და ინაწილებენ ამ ქვეყნების ბედს და სატკივარს.

კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარეჩვენ გვევალება მზადყოფნა. ჩვენი მეზობლების მაგალითი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ. აუცილებელია ჩვენი ქვეყანა მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან გასამკლავებლად. მომზადებული უნდა იყოს შესაძლო სცენარები, საპასუხო გეგმები და გათვლილი ლოგისტიკური საჭიროებები. ეს იმის საწინდარია, რომ ხვალინდელ დღეს და შესაძლო საფრთხეებს დავხვდეთ მზად და შემართებით.

დიდგორობას გილოცავთ და მინდა გისურვოთ, რომ ხვალ, მომავალმა თაობებმა ასეთივე სიამაყით გაიხსენონ ჩვენი გამარჯვებები!

არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის გაერთიანების, გამთლიანების და განვითარების მთავარი მშვიდობიანი ბრძოლა წინ გვაქვს!

გმადლობთ.

სხვა სიახლეები