​საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ვილნიუსში ოფიციალური ვახშამი გაიმართა

ვილნიუსში, დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების სიმტკიცის სადღეგრძელო შესვეს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს სადღეგრძელოს ნაწილი, ქართველი ხალხის პატივისცემის ნიშნად,  ქართულად წარმოთქვა.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  
ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს უმთავრესი გამოწვევა. სწორედ ამ საკითხში ლიეტუვა ჩვენი თანამებრძოლია საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამას განსაკუთრებით ვაფასებთ.

,,ნება მიბოძეთ, მადლობა მოგახსენოთ გულითადი დახვედრისთვის. დღევანდელი ჩემი ვიზიტი ლიეტუვაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
 
ამ ურთიერთობის სიმტკიცეზე მეტყველებს ის, რომ გასულ წელს ჩვენ ერთად აღვნიშნეთ ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეები.
სწორედ ამ თარიღებს მიეძღვნა ლიეტუვურ  და ქართულ ენებში ჩვენი ქვეყნების ავთენტური დასახელებების - საქართველოსა და ლიეტუვის დამკვიდრება, რაც მართლაც გამორჩეული ჟესტია.

ჩვენს ურთიერთპატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს ისიც, რომ ლიეტუვას ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჰქონდა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

ჩვენ ერთად გამოვიარეთ საბჭოთა რეჟიმი, ერთად გავიარეთ რთული გზა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისკენ, და ამ გზაზე ყოველთვის ვამხნევებდით ერთმანეთს.

ლიეტუვამ, რომელიც 1990 წელს პირველი განთავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისგან, მალევე, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ევროპის კარი შეაღო, ხოლო შემდგომ იგი გახდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.

ქართველმა ხალხმა, ასევე, ევროპული გზა აირჩია. მართალია, ჩვენი გზა უფრო რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ ეს არჩევანი ურყევია.
ამ გზაზე ძალიან გვეხმარება ლიეტუვის გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს ძლიერ მხარდაჭერას. ოკუპირებული ტერიტორიები არის  უმთავრესი გამოწვევა საქართველოსთვის. სწორედ ამ საკითხში ლიეტუვა ჩვენი თანამებრძოლია საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამას განსაკუთრებით ვაფასებთ.
 
მინდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის ლიეტუვასა და საქართველოს 30-მდე მუნიციპალიტეტი და ქალაქია დაძმობილებული. თანამშრომლობის ასეთი მასშტაბი მართლაც სანიმუშოა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა და ამდენად, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ.

ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაფართოოთ თანამშრომლობის ფორმატები. ერთობლივი პროექტების განხორციელების დროს განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდებში არსებული პოტენციალის ათვისება, პირველ რიგში იმ ახალგაზრდების, რომლებიც სწავლობენ ქართულ  და ლიეტუვურ ენებს. ამით უფრო გავაძლიერებთ იმ საძირკველს, რაზეც საქართველოსა და ლიეტუვის კავშირი დგას.    

ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად თქვენ მიგიძღვით ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებაში. მე ძალიან ვაფასებ ამ გულწრფელ დამოკიდებულებას,  კეთილგანწყობასა და დიდ მხარდაჭერას",  - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის და აღნიშნა, რომ ლიეტუვა და საქართველო მამაც ქვეყნებს  უყვართ და აფასებენ თავისუფლებას.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს ათასობით კილომეტრი აშორებს, ჩვენ ერთმანეთისათვის ძალზე ახლობლები ვართ. ერთმანეთში ჩვენ ვხედავთ თანაზიარ ისტორიულ გამოცდილებას, ოკუპანტებისადმი წინააღმდეგობის სულისკვეთებას, რაც ასე გვაერთიანებს, ასევე მტკიცე მისწრაფებას დავიცვათ ჩვენი კულტურა და ტრადიციები", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

სხვა სიახლეები