საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.
,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია; ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას. მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპეიზაცია“. ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპეიზაციის იდეას ქადაგებდა.
ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს. ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი. ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს. მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება. ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).
ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი - ნიკო ნიკოლაძე უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები - თქვენთან, როტჩილდები კი - ჩვენთან.
არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.
არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.
ჩვენს დედაქალაქებს შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, - მაგალითად, გარემოს დაცვაზე, რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.
ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები.
ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე - ისევე, როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.