საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ერთობლივი პრესკონფერენცია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და ილჰამ ალიევმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელზე აქცენტებიც საქართველოს პრეზიდენტთან და სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრებზე განიხილა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მეგობრული დახვედრისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზრბაიჯანს არა მხოლოდ წარსული და განსაცდელები, არამედ სამომავლო, ერთობლივი პროექტებიც აახლოებს.
 
,,დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო!

შემიძლია ყველა თქვენი სიტყვა გავიზიარო, იმდენად ახლოსაა ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ერთად ისტორიული გზა გვაქვს განვლილი, გეოგრაფიულად ახლო მეზობლები ვართ. ისტორიამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

გავიარეთ ერთად წარმატებები, ბოლო საუკუნეების მანძილზე ტრაგედიები. ვიცით რას ნიშნავს და რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ესეც გვაერთიანებს, რომ ეს განსაცდელი ერთად გავიარეთ. ვიცით რა ფასი აქვს  იმას, რომ გააგრძელო წინსვლა სახელმწიფოსი, განვითარება ეკონომიკის, კულტურის და იდენტობის. ჩვენ ამ ყველაფერში ვგრძნობთ დიდ სიახლოვეს და მეგობრობას. გასულ საუკუნეში და ახლაც ერთად შევძელით განგვეხორციელებინა მასშტაბური პროექტები, ეს არის ის ნიშანი, რითაც შევდივართ მსოფლიოში.

ჩვენ ვაჩვენეთ რომ ეს რეგიონი სტაბილურია და შეიძლება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. ეხლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა მოვნახოთ ასეთივე გამაერთიანებელი მასშტაბური პროექტი, ეს სატრანსპორტო კორიდორი ძალიან მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება მოგვცეს ის ღერძი ჩვენი თანამშრომლობის, რომელიც წინა პერიოდში მხოლოდ ენერგეტიკას ეკუთვნოდა.

დღევანდელ მსოფლიოში ტრანსპორტი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე  მიმართულებაა. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ აზიის, ჩინეთის და ევროპის გაერთიანება და ჩვენ ვდგავართ ამ გზაზე. მაგრამ ამ გზის ყველა საშუალება  ჯერ არ არის განვითარებული  და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თქვენ ახსენეთ ის პროექტები, რასაც  აზერბაიჯანი აკეთებს კასპიის ზღვაზე და უნდა მივესალმო კასპიის ზღვაზე მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ განვითარდეს ყველანაირი ტრანსპორტი ამ ზღვაზე. 
 
ჩვენც ჩვენი მხრიდან ევროკავშირის დახმარებით ვმუშაობთ იმაზე, რომ შავ ზღვას მიეცეს შესაძლებლობები, რომ სატრანსპორტო დარგის მიმართულებები განვითრდეს რუმინეთს, ბულგარეთს და ქართულ  პორტებს შორის და ასევე განვითარდეს საქართველოს ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა.
 
ეს არის ახალი პროექტი,  სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით და ინვესტიციებით განვითარდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ აზერბაიჯანთან ერთად გამოვიყენოთ ის საშუალება, რომელიც  ჩინეთთან და  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ მოგვცა. ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის და ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაზე სავარაუდოდ, ტრანსპორტის საკითხი ცენტრალური თემა იქნება, სადაც შეგვიძლია ჩვენ წარვადგინოთ ჩვენი ერთობლივი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, რომ ჩვენი ერთობლივი დელეგაცია ჩინეთს ეწვიოს და იქ წარადგინოს ეს ხედვა. ყველა ეს ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დღეს არსებული  პოტენციალი რეალობად   და სერიოზულ პერსპექტივად იქცეს... ვისაუბრეთ ადამიანურ ურთიერთობებზე, კულტურაზე, განათლებაზე - დარგებზე, რომელიც უნდა განვითარდეს. ურთიერთობები ამ მიმართულებებით არ არის შესატყვისი ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებთან. ორივე ქვეყნის ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენს ადამიანურ და კულტურულ ურთიერთობებს მივცეთ განვითარების შესაძლებლობები.

ვისაუბრეთ, რომ აზერბაიჯანის დღეები ჩატარდეს თბილისში და არა მხოლოდ ბათუმში, როგორც დაგეგმილია. ასევე, ჩატარდეს საქართველოს დღეები აზერბაიჯანში და ამას მივცეთ მუდმივი ფორმატი, რათა განვითარდეს დარგობრივი ურთიერთობა კულტურაში. შეხვედრისას ასევე ვისაუბრე ჩვენი მოსაზრების შესახებ, რომ ქართული ტოლერანტობა შეტანილი იყოს იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობის  სიაში. მაგრამ  ტოლერანტობა კავკასიის საერთო ღირებულებაა და ამას შეიძლება მივცეთ საერთო კავკასიური ხასიათი, რაც  მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოსთვის,  რამეთუ ეს არის ის ღირებულება, რომელიც მსოფლიოს აკლია.
 
ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროს განვითარების შესახებაც, რათა გაიხსნას სივრცე, როგორც სხვადახვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისთვის, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლის გააქტიურებისათვის.
 
გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს  საკითხი დასრულდეს.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მიღებისთვის, მე მჯერა და ვისურვებდი,  რომ ეს არის საწყისი ახალი და მჭიდრო ურთიერთობების და მეგობრობის. ამ იმედით მინდა დავასრულო ჩემი პირველი გამოსვლა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
 
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველო - აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ, რომლებსაც უდიდესი  მნიშვნელობა აქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისათვის, არამედ კონტინენტისათვის.
 
,,ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ 90-იანი წლების ბოლოდან ბაქო- სუფსის აშენება დიდი მოვლენა იყო, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ კასპიის და შავი ზღვა ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.
 
ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ეზრუმის გაზსადენი აშენდა. ეს ყველაფერი საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი ძალისხმევით განახორციელეს და დღეს ეს პროექტები აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას და ამ მარშრუტით დღეს სამხრეთ გაზის კორიდორი წარმატებით რეალიზდება.
 
ეს რეგიონში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და სამხრეთ გაზის კორიდორის განხორციელება თითქმის სრულდება.
 
შარშან მოხდა მისი ოფიციალური გახსნა, მისი ძირითადი ნაწილით - ტანაპით, რომელიც ექსპლუატაციაში უკვე გადაეცა, უზრუნველყოფილი იქნება გაზის ტრანსპორტირება.
ეს პროექტები ჩვენი ქვეყნებისთვის, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. თუ პროექტების დაწყების დროს სამი ქვეყანა თანამშრომლობდა, ამჟამად ჩვენ შემოგვიერთდნენ ახალი პარტნიორები.

დღეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე, ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობას. ეს ჩვენი მოლაპარაკებების საკითხია. ამ პროექტებს მოაქვთ დიდი სარგებელი ჩვენი ქვეყნებისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, იზრდება ტვირთების გადაზიდვის მოცულოვბა. ჯერ პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ უკვე ვხედავთ მის სარგებელს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა თავის მეზობლებთან, კასპიის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებებს და ამის შედეგად ტვირთბრუნვა უფრო მეტად გაიზრდება.

ეს ახალი კორიდორი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონტინენტები გაერთიანდნენ და აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრადიციული მეგობრული ფორმატით გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. რა თქმა უნდა, დღეს ყველა საკითხთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა გაცვლა, მათ შორის, ჰუმანიტარულ,  კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით გვქონდა აზრთა გაცვლა. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში.

აზერბაიჯანი და საქართველო მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყნებია და ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ხალხების წარმომადგენლები თავს გრძნობენ კომფორტულად და ეს ჩვენი ქვეყნების მომავალი და დღევანდელი  განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოხარული ვარ, რომ ქალბატონი  პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრება ჩვენს რეგიონში და შეხვდება ეთნიკურ ქართველებს.

ეს, რა თქმა უნდა, მათთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სხვა ხალხების წარმომადგენლებსაც გაუხარდებათ.
დარწმუნებული ვარ, რომ გაეცნობით ამ რეგიონს და ის კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.
 
ერთი სიტყვით,  შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სფეროში ჩვენს თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები გააჩნია, გაგვაჩნია პოლიტიკური ნებაც.
 
საქართველო და აზერბაიჯანი ამის შემდეგაც მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, ამის შემდეგ ახალი პროექტების თაობაზე ვიფიქრებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს კარგი მომავალი აქვთ და დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
კიდევ ერთხელ, ქალბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. 

სხვა სიახლეები