საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საჯარო ლექცია წაიკითხა - "საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.
საჯარო ლექციის დაწყებამდე SciencesPo -მ სოციალური ქსელით გაავრცელა მისი ყოფილი სტუდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათიანი ანკეტა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში 1969-1972 წლებში სწავლობდა, ხოლო 2006-2015 წლებში ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო.
დებატებს მოდერაციას უწევდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის დეკანი, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ენრიკო ლეტა.
საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო ლექციისას ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ საქართველომ რეგიონში სტაბილურობის კუნძულის სტატუსი შეინარჩუნა, მისი ხალხის არჩევანი ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, აღნიშნული არჩევანი მტკიცე და განუხრელია, ქართველმა ხალხმა კი, ეს არჩევანი დიდი ხანია გააკეთა.
"მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში! - ეს არის ჩვენი დევიზი. საქართველოს ღირებულებები ევროპის ძირძველი ღირებულებებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავარი პრობლემა კვლავ ოკუპაცია რჩება და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის ისეთი ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო მათი ძველი პროვინციაა. ყველა ქართველს მიაჩნია, რომ ისინი ევროპის შვილები არიან, ევროპული ოჯახის წევრები და ეს გზა, ეს მიმართულება ქართულ მენტალიტეტში გრძელდება და ეს აუცილებელია იმ ქვეყნისათვის, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებით, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მოახერხა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპირება და საოკუპაციო ხაზი თბილისიდან 40 კილომეტრშია. სახელმწიფო მეთაურის თქმით, ეს არის უმძიმესი ტვირთი და მუქარაც იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ზოლთან ახლოს და არა მხოლოდ მათთვის, ნებისმიერი ქართველისთვის, რადგან ადამიანების გატაცებას სისტემატიური ხასიათი აქვს და იტაცებენ მათ, ვისაც სურს ნათესავების, ახლობლების საფლავები მოინახულონ.
„მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ვიცით სად მივდივართ, და წინ უნდა აღვუდგეთ პროვოკაციებს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება, და რუსეთის მხრიდან ჩვენი შევიწროებით გამოწვეული პრობლემებიც.
„ჩვენ განვაგრძობთ ევროპასთან დაახლოებას და ხშირად გვეკითხებიან, რას ელით ევროპისგან, ნატოსგან, ამ მომენტში, როდესაც პოპულისტური პოლიტიკის, ბრექსიტის და დიდი გამოწვევების წინაშე დგას ევროპა, როგორ დაგეხმარებათ თქვენ - საქართველოს? გვეუბნებიან, რომ ამ მომენტში ევროპას ჩვენთვის არ სცალია. მაგრამ ჩვენ გვცალია ევროპისთვის და ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარებზე კაკუნს. მე თავად ვასწავლიდი ევროკავშირის ისტორიას და ვიცი რომ ყოველი დიდი გამოწვევა ევროპისთვის, პირიქით აძლიერებს და ამყარებს ევროკავშირს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ, შესაბამისად, ბრექსიტი მხოლოდ გამოწვევა არ არის და ევროპა განახლებული ძალით შეძლებს გააკეთოს მობილიზება. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით - „როდესაც დიდი ხანი ვიღაც გიკაკუნებს კარებზე”, ადრე თუ გვიან აუცილებლად უღებ მას კარს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპასთან საზღვაო კავშირი აქვს, შავი ზღვა გვაახლოებს, თუმცა ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის.
"ჩვენი ძირეული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა და ტოლერანტობა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ეს ჩვენი გადარჩენისთვის იყო აუცილებელი”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველები ევროპელები არიან და სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ აქვთ. ევროპა არის ჩვენი სახლი, ჩვენი იდენტობის ნაწილი, ჩვენი გადარჩენის წინაპირობა და ჩვენ ადრე თუ გვიან ევროკავშირის წევრები ვიქნებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია და ოცნებები განხორციელებადია.
"მე ვიცოდი, რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი და ვიცოდი, რომ უნდა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, როცა ამის დრო დადგებოდა. ყველაფერი შესაძლებელია, ჩემი პირადი მაგალითი ამას ადასტურებს. მე დღეს ვარ საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ოცნებასაც კი ვერ ვიფიქრებდი ადრე. თუმცა ის, რომ ყველაფერი შესაძლებელია მეხება არა მარტო მე, არამედ ჩემს ქვეყანასაც.
პრეზიდენტის თქმით, საუკუნეების წინ, ქართველი დიპლომატები მოდიოდნენ ევროპაში, რათა ეთხოვათ დახმარება. ჩვენს მძიმე ისტორიას მოჰყვა საბჭოთა პერიოდი და 80 წლის განმავლობაში ევროპულ ოჯახში დაბრუნების იმედიც კი დაიკარგა.
"ამ დროს იყო მხოლოდ ოცნება, ყოველი ქართველი ოცნებობდა მოხვედრილიყო პარიზში, მაგრამ ეს იყო ოცნება, რომელიც გვეგონა ყოველთვის ოცნებად დარჩებოდა. დღეს კი, ვიზალიბერალიზაციის პირობებში ქართველები ევროპაში თავისუფლად ჩამოდიან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს SciencesPo -ს პრეზიდენტმა ფრედერიკ მიონიმ უმასპინძლა, რომელმაც გახსნა საჯარო ლექცია და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.