მაია კოპალეიშვილი:
მოგესალმებით ყველას! მადლობა მობრძანებისთვის!
როგორც იცით დღეს გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან მიმართებით და კონსტიტუციის 52-ე მუხლის I პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტთან მიმართებით.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. ბუნებრივია, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს და დასკვნა არის ტენდენციური. მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთი ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები: იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში, მხოლოდ უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში, ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის I პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტში.
საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის I პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიღმა - ჰქონდა თუ არა და აქვს თუ არა პრეზიდენტს საერთოდ საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თქვენ თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და შესაძლოა, პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და იყენებს ფრაზებს, რომ ის მაინც არ შევა კონსტიტუციის ამა თუ იმ დათქმის სრულ განმარტებაში და ა.შ.
თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ დასაბუთებას და თქვენ თვითონ ჩამოიყალიბოთ თქვენი წარმოდგენა. მე შემიძლია გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან ნამდვილად მეტს მოველოდი და მე ნამდვილად მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და ის მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციის ნორმების სწორი განმარტების შედეგად და არა იმ განმარტების შედეგად, რაც შემოგვთავაზა - მარტივი გზა, რომ საგარეო ურთიერთობის მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის ყველა საქმიანობა, მათ შორის წერილები, სატელეფონო საუბრები და ა.შ და (ასეთ ჩამონათვალს აკეთებს) მოაქცია მთლიანად მთავრობის თანხმობის საჭიროების ქვეშ, ეს სრულიად წარმოუდგენელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საუბრობდეს ზუსტად იმ ენით, საუბრობდეს ზუსტად იმ მიზნებით, რაც ამოძრავებდათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს.
აქედან გამომდინარე, ახლა ჩემთვის ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო ცოტა უფრო მეტი სინათლე შეეტანა საკითხში. იქამდე, საკონსტიტუციო სასამართლო თავის წინააღმდეგობრივ მსჯელობას ავითარებს - ერთი მხრივ ამბობს, რომ 49-ე მუხლი არის სტატუსის განმსაზღვრელი და არ წარმოშობს უფლებამოსილებას, მეორე მხრივ, ის ადგენს, რომ რა თქმა უნდა, უფლებამოსილებები აქვს პრეზიდენტს, ანუ ამ ნაწილშიც კი, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ოღონდ ეს გააკეთა რაღაც სიტყვათა თამაშით და იქამდე მივიდა საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებულობის ნაწილი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლობის მიერ აღნიშნული სრულიად მცდარი ინტერპრეტაციით წარმოადგინა. როგორც ჩანს, იმაზეც კი არ შეიწუხეს თავი, რომ ოქმებში ჩაეხედათ, ან აუდიოჩანაწერი მოესმინათ და ის მაინც გაერკვიათ რას ამბობდა თუნდაც პრეზიდენტის წარმომადგენელი, მაგრამ როგორც ჩანს, მათ მიიჩნიეს, რომ ეს იქნებოდა მათთვის უფრო მომგებიანი პოზიცია, ვიდრე აუდიოჩანაწერების მოსმენა, მაშინ როდესაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის არც ფაქტობრივ გარემოებებზე საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ.
დასკვნაში კიდევ მიუთითებენ ზუსტად იმავე სიტყვებს, რაც წარდგინებაშია აღნიშნული, რომ თითქოს პრეზიდენტი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, და რომ თითქოს ეს იყო მოლაპარაკებები და ამიტომ საჭიროებდა მთავრობის თანხმობას.
მოკლედ, ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაუძლო ამ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მიდგომებს ამ საკითხთან მიმართებით და თქვენ რომ წაიკითხოთ დასკვნა, ნახავთ რომ ფაქტობრივად, იმის ინერცია, რომ საკითხი გადადის პარლამენტში და პარლამენტი როგორც იცით კოლეგიური ორგანოა და იქ შესაძლოა, საჭირო ხმების რაოდენობა არ იყოს საკმარისი, ანუ 100 ხმა ვერ მოგროვდეს, ამის იმედადაა საკონსტიტუციო სასამართლო და ეს ძალიან სირცხვილია, რა თქმა უნდა, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ასე უყურებს კონსტიტუციურ წესრიგს და ინსტიტუციურ წესრიგს, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
თამარ ჩუგოშვილი:
რამდენიმე სიტყვით შევაჯამებ ბოლოს სად მივიდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, რეალურად რატომ დაიწყო და რა მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ამ იმპიჩმენტის პროცედურას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 3 შეხვედრა - 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, 1 სექტემბრის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან.
თავიდან უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, ამ შეხვედრებზე გაჟღერდა რაღაც ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას და ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხს.
რა აჩვენა სასამართლოს განხილვამ? რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი?
სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების საკითხს, პირიქით, თვითონ ამ დასკვნასაც თუ გადავხედავთ, იქაც სასამართლო ცდილობს თავიდან აირიდოს ეს საკითხი, რადგან ძალიან მკაფიოდ, ძალიან ნათლად და ძალიან აშკარად არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის ეს შეხვედრები ისევე როგორც ყველა სხვა ქმედება შეეხებოდა, ამ შეხვედრების შინაარსიც იყო ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის მხარდაჭერის თხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.
ანუ, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? - საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ, პოლიტიკურად მიზანშეწონილად და საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენოს თანამდებობიდან იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს სთხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას. ამას წყალი არ გაუვა, რადგან საპირისპიროს მამტკიცებელი, ასე ვთქვათ, საბუთი თუ მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის, სადამდეც საბოლოო ჯამში დადის ეს საკითხი და ასე ვთქვათ, სამართლებრივი დაბნეულობის შექმნის მიღმა, რაც რეალობაა.
ჩვენ ძალიან ვცადეთ და ძალიან გვინდოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ასე ვთქვათ, სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო, არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე და სამართლებრივი კუთხით ემსჯელა სხვადასხვა საკითხებზე. სხვათა შორის, დღესაც სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ თითქოს პრეზიდენტი არ გამოცხადდა, განხილვებზე, პრეზიდენტი წარმომადგენლების მიერ იყო წარმოდგენილი. არ გამოცხადდა კი არა - იყო წარმოდგენილი წარმომადგენლების მიერ, კანონით აქვს ამის უფლება, ზუსტად იმიტომ რომ სასამართლო განხილვა ყოფილიყო სამართლებრივი განხილვის სივრცე და არა პოლიტიკური ჭიდაობისა თუ პოლიტიკური კინკლაობის სივრცე, სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი ყოფნა იქ, ადგილზე. სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო. როდესაც ვკითხულობთ ამ დასკვნას, ძალიან მიმყარდება ეს სამწუხარო განცდა, რომელიც გამიჩნდა განხილვების პირველი წუთიდან. როგორც კი სხდომა დაიწყო, სრულიად გასაგები გახდა სად იდგა მოსამართლეების უმრავლესობა. სხვათა შორის, დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც განსხვავებული დააფიქსირეს - ჩვენ ჯერ წაკითხვის შესაძლებლობა არ გვქონია, ატვირთული არ არის, მაგრამ განსხვავებული აზრების არსებობა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა სასამართლოს მხრიდან არ არის ერთსულოვანი, ანუ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ პრეზიდენტმა თავისი რაიმე ქმედებით, რაიმე ფორმით ხელი შეუშალა საქართველოს სტატუსის მიღებაში, პირიქით, მას მოუწყეს იმპიჩმენტი და მას უწყობენ იმპიჩმენტს იმის გამო, რომ იგი აკეთებდა ყველაფერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა ამ ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში.
ეს არის ძალიან მკაფიო, ეს ვერ გააბათილა პარლამენტმა ამ სხდომებზე. ასევე, ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის წარმომადგენლების მტკიცება, რომელიც გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლომ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, პრეზიდენტის როლის გამოკვეთას და ჩამოყალიბებას ეხება არის რა უკიდურესი შეზღუდვა, შებოჭვა პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის, არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ინსტიტუტის და რაც მთავარია, იმ ფორმით, რომ არ არსებობს ანალოგი, მსოფლიოში არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც კონსტიტუცია, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ასე ბოჭავს პრეზიდენტს, ან ასე განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს. ეს დაადასტურეს პარლამენტის წარმომადგენლებმა განხილვების დროს, რომ ანალოგი არ აქვს იმ განმარტებას რა განმარტებასაც ჩვენ გვთავაზობს პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო. ეს ორივე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რა პროცესში ვიმყოფებით ჩვენ დღეს.
და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა ალბათ, უკვე სამართლებრივ მსჯელობას არანაირი აზრი არ აქვს, საკითხი უკვე გადავიდა პოლიტიკურ ველზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სამართლებრივი ნაწილი დასრულებულია, თუ შეიძლება ამას ერქვას, რომ სამართლებრივი ნაწილი გააჩნდა ამ ნაწილს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც სასამართლოს ვუთხარით, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და საერთოდ, ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება ეს, უკვე ძალიან სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსის, ევროინტეგრაციის პროცესისა და სტატუსის მინიჭების შანსებისთვის. უკიდურესად დამაზიანებელია თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ პროცესში ვიმყოფებით, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, როგორ დასრულდება პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხი ეს ჯერ კიდევ გამოჩნდება, მაგრამ თუ ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ, წამოწყებამ და მერე საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანამ და ა.შ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან და დაგვაკარგვინა უახლოეს თვეებში სტატუსის მიღების შესაძლებლობა ამ შედეგზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც.
ერთადერთი, რასაც მმართველმა უმრავლესობამ მიაღწია, ისაა რომ პარიზში, ბერლინსა და ბრიუსელში (ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან დედაქალაქებში) ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა იციან, რომ მათთან ჩასული ქვეყნის მეთაური, რომელმაც მათ სტატუსის მინიჭებაში დახმარება სთხოვა, სახლში დაბრუნებული იმპიჩმენტის პროცედურის ქვეშ აღმოჩნდა. ეს იციან იმ ლიდერებმა, რომელთა აზრი ჩვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ყველა პრეზიდენტი ქვეყნის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ ის, რომ ვერ პასუხობდეს ტელეფონის ზარს, ვერ აგზავნიდეს წერილს, ვერ ატარებდეს შეხვედრას, ვერ იღებდეს ქვეყნის ელჩს და აშ. ვიღაცის თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს.