სიმონ პეტრიდისი - შშმ ქალები და გოგონები კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას განიცდიან ვიდრე მამაკაცები, ამიტომ კვლავ ბევრია გასაკეთებელი ინფორმირებისა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებით

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა ,,შშმ ქალების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანაში" შემაჯამებელ შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა.

პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში ადგილობრივი და ცენტრალური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას ინოვაციური მიდგომების განხორციელებაში, შშმ  ქალთა მიმართ  გენდერული ნიშნით  ძალადობის  აღმოსაფხვრელად.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით სასიკეთო ცვლილებები გვაქვს,  თუმცა ეს მიღწეულით კმაყოფილების საშუალებას არ იძლევა, რადგან ჩვენ გვიხდება გარემოს სწრაფი გარდაქმნა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, რაც თავის მხრივ გარკვეულ რისკებს შეიცავს.

,,ბევრი შშმ პირი წარმოადგენს მრავლობითი დისკრიმინაციის და სეგრეგაციის მკვეთრი ფორმების რისკის ობიექტს საზოგადოების მხრიდან მათი სპეციფიკური სიტუაციიდან გამომდინარე, აქვე გასათვალისწინებელია, რომ შშმ ქალები და გოგონები ხშირად აწყდებიან დამატებით ბარიერებს და კიდევ უფრო მეტ დისკრიმინაციას ვიდრე მამაკაცები. შშმ ქალები და გოგონები ასევე უფრო მეტად არიან ყოველგვარი ძალადობის რისკის წინაშე, როგორც სახლში, ასევე მის გარეთ და სულ ახლახან დაფიქსირდა რეზონანსული ფაქტებიც, თუმცა ეს ცალკეული შემთხვევები ვერ ასახავს სრულ სურათს და კვლავ ბევრია გასაკეთებელი ინფორმირების და პრევენციული მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით.

ჩვენ მოვახდინეთ შშმ პირთა კონვენციის და მისი ფაკულტატურული ოქმის რატიფიცირება, მივიღეთ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი, გვაქვს კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რეგიონებში შესაბამისი საბჭოები და შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმები, მაგრამ იმისთვის, რომ მივაღწიოთ თანაბარ ხილვადობას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას და მონაწილეობას, საჭიროა გვქონდეს სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემები და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შექმნილი გრძელვადიანი ხედვა ფრაგმენტული პროგრამების და არსებული სერვისების გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა პეტრიდისმა.

პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს მოსახლეობის ფონდის  მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით.

 

სხვა სიახლეები