ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ელენე გახარიამ “ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის” ბენეფიციარ ბავშვებს სასურსათო ვაუჩერები გადასცა.
„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც მათ გამოჯანმრთელებასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხმარება.
,,ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოვინახულეთ ის პატარები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ საზოგადოების მხარდაჭერას, ეს ყურადღება და მზრუნველობა უმნიშვნელოვანესია მათთვის"- განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის სარეაბილიტაციო სერვისით აფხაზეთიდან ჩამოსული აფხაზებიც სარგებლობენ.