საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით, ბუქარესტს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.
პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან.
12 ოქტომბერს კი, პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.