საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსონას პატივი მიაგო.
,,დღევანდელი დღე დამოუკიდებული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა ყველას ვალდებულებაა! ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს!
თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რამაც ჩვენ ყველას და აფხაზეთის მოსახლეობასაც აჩვენა, რომ ეს 30 წელი, თითქმის არაფრის მომტანი არ იყო: არც აფხაზეთის კულტურის, არც აფხაზური ენის, არც ეკონომიკისა და არც მისი განვითარებისთვის. ეს არის ის, რასაც დღეს, ალბათ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდა თაობაც ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის.
და ჩვენ დღეს მზად უნდა ვიყოთ - დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო, ახალი პერსპექტივა და ახალი ურთიერთობა იწყება და ამაზე უნდა ვიფიქროთ.
გლოვა არ ყოფნის. გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრს მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ, ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე; ამას ვხედავთ დღეს, როცა რეაქციები იწყება ამ მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი ის ნიშნებია, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ.
მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და ვთქვა, რომ ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება, რამეთუ ჩვენ ვიცით რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს რეფერენდუმები, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ომის პირობებში ტარდება. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსა და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.