საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან ოდილ რენო-ბასოსთან საქართველოს და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა.
ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე, რომელთა განვითარებაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს - ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს რეგიონული, მაკავშირებლის ფუნქციის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება ევროპული პერსპექტივის შესაბამისად.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, რათა რეგიონსა და ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე, შემცირდეს სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება. ენერგოეფექტიანობა კი, ის სფეროა, სადაც საქართველოს უფრო მეტის გაკეთება და პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მაკავშირებლის როლის ზრდას, რისთვისაც მნიშვნელოვანია რეგიონსა და შავ ზღვაზე სტაბილურობა და მშვიდობა.
ოდილ რენო-ბასოსის განცხადებით, EBRD აქტიურად მუშაობს იმ საჭიროებების დასადგენად, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად იქნება მიმართული.