პრეზიდენტი დღეს ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიანტებს, ფოთელ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, ჯილდოს მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ სტიპენდია თავისთავად წარმატებაა, რომლითაც უნდა ამაყობდნენ.
,,მაინტერესებს რა მიმართულებით, რა დარგს სწავლობთ, როგორ უყურებთ თქვენი ქალაქის განვითარებას და თქვენი მოსაზრებით რა სჭირდება ამ ქალაქს. ყველას გვესმის, რომ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება აქ და ყველგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ თქვენ ნიკოლაძის თვალით როგორ უყურებთ ამ ქალაქს და რეგიონს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ახალგაზრდებმა პრეზიდენტს თავიანთი იდეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქში აპირებს დაბრუნებას და მუშაობას.
სტიპენდიის მიზანი სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისებაა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ბოლო საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში (სტუდენტს სემესტრში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 საგანი) აქვს არანაკლებ 81-90 ან 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი ან B კატეგორია – კარგი), აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) თითოეულ სემესტრში გაიცემა 30 სტუდენტზე. დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის ოდენობა თითოეულ სემესტრში 500 ლარს შეადგენს.