თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე (TWIC) მსოფლიოს ქალი ლიდერები მშვიდობისა და კონფლიქტების წინააღმდეგ ერთგულების გზავნილის გასაჟღერებლად შეიკრიბნენ.
ამ ტიპის კონფერენცია პირველად ჩატარდა რეგიონში და გგაერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენელი ქალები - პოლიტიკის, დიპლომატიის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, ბიზნესის, მედიის, სპორტის, ქველმოქმედებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე ქალები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კონფლიქტების ტრაგედია.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე საზოგადოებებში.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინიციატივის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან და საქართველოში გაეროს ოფისთან.
კონფერენცია გახსნა: საქართველოს პრეზიდენტმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელდმა, პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილემ მალგოჟატა გოშიევსკამ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ: საბერძნეთის პრეზიდენტის კატერინა საკელაროპულუს, ეუთოს გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის, ამინა ჯ. მუჰამედის ვიდეომიმართვები.
მთელი დღის განმავლობაში, კონფერენციის რამდენიმე პანელზე განიხილა კონფლიქტებში მყოფი ქალებისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხები, როგორიცაა: პირადი გამოცდილებები, ქალი კორესპონდენტების თვალით დანახულ კონფლიქტები, ლტოლვილთა კრიზისში მყოფი ქალები, გენდერულ ძალადობა და პოლარიზაცია, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
კონფერენცია ტარდება გლობალური გამოწვევების უმნიშვნელოვანეს პერიოდში და აჟღერებს უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მესიჯს. კონფერენციაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში ქალების, როგორც დიალოგის ხიდის შემქმნელთა, როლზე.
თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შექმნას ახალი დისკუსიის სივრცე, სადაც პირდაპირი დიალოგის ერთიანი სივრცით, (სპიკერებისა და აუდიტორიის ტრადიციული დაყოფის გარეშე) ყველა მონაწილეს შეეძლება დაესწროს ყველა სესიას.
კონფერენცია საშუალებას აძლევს სხვადასხვა წარმომავლობისა და გამოცდილების ქალებს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ცოდნა - გამოცდილება და გამოხატონ საკუთარი ხედვები.