საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ლვოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს 5 თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესინალიზმისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, პიროვნული სიმამაცისათვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გიორგი ზაქარაშვილი, ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული თორნიკე ბერეკაშვილი, უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი კუკური თოფურია, უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული ნანა ჩაბრავა, საქართველოს საპატიო კონსული ლვოვში იაროსლავ მუზიჩკო.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რომელსაც დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ამ უმძიმეს პერიოდში თავდადებული საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ მათი მაგალითი საამაყოა.
,,თქვენ უკრაინაში ჩვენი ქვეყნის სახეს წარმოადგენთ. უკრაინაში, ამ ძალიან მძიმე პერიოდში, რუსეთის აგრესიის დროს თქვენ შეინარჩუნეთ საქართველოს არამხოლოდ წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახეც.
როცა ძალიან ბევრმა, სხვა, ჩვენზე უფრო დიდმა ქვეყანამ საელჩო გადაიტანა ლვოვში, ან საზღვრებს გარეთ, ჩვენმა საელჩომ კიევში, საკონსულომ კი, ოდესაში გააგრძელეს მუშაობა და ჩვენი დიასპორის ადგილზე დახმარება, იქ მაცხოვრებელი ქართველებისა და წამომსვლელთა დახმარება, იქნებოდა ეს თავშესაფრის კუთხით, თუ სხვა ფორმით. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი და უკრაინის დიდი ხნის მეგობრობასა და სოლიდარობაზე, ეს ფაქტი არასაკმარისადაა ხაზგასმული.
ფაქტია, რომ საქართველომ ამ ძალიან რთულ პერიოდში არ შეწყვიტა ურთიერთობა. თორნიკე ბერეკაშვილი ოდესაშია, მძიმე პირობების მიუხედავად, თქვენ არ ტოვებთ თქვენს ადგილს, თუნდაც მაშინ, როცა რუსეთის ჯარების კიევში შემოჭრის უშუალო საფრთხე იყო და მაშინაც ეხმარებოდით ადამიანებს.
ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და სოლიდარობის ყველაზე დიდი ნიშანია. ვიცი, რომ თქვენ მართლაც იმ ქართული დიპლომატიის წარმომადგენლები ხართ, რომლითაც ჩვენ ყველანი ვამაყობდით და ვამაყობთ. ეს ძალიან დიდი ტრადიციაა და ამ ტრადიციას თქვენ ძალიან ღირსეულად განაგრძობთ.
ამ ძალიან მძიმე პერიოდში, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ საქართველოს საელჩოთი და ყველა საკონსულოთი.
ხვალ უკვე ბრუნდებით და მინდა გისურვოთ გამძლეობა, რათა გააგრძელოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს წარმოდგენა და საქართველოს მეგობრობის დადასტურება ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.