საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე

ბატონო აღმასრულებელო დირექტორო,
 
გლობალური კომისიის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო,
 
ქალბატონებო და ბატონებო,
 
მსოფლიოს წინაშეა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმძიმესი გლობალური საფრთხე და მისგან გამოწვეული დამანგრეველი შედეგები: ასობით ათასი დაკარგული სიცოცხლე, ჩაკეტილი ეკონომიკები, შეცვლილი ყოველდღიური ცხოვრება და მოლოდინი, რომ მომავალი სხვაგვარი იქნება.
 
ქვეყნები, მსოფლიოს გარშემო, ჯერ კიდევ ცდილობენ ეკონომიკური დაღმავლობით, გაზრდილი უმუშევრობითა და სიღატაკით გამოწვეულ შოკს გაუმკლავდნენ.
 
Covid-19-ით გამოწვეულმა პანმდემიამ, მსოფლიო მასშტაბით, ასევე შეცვალა რეალობა და პრიორიტეტები ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროში: ნავთობის ფასების ვარდნა, ენერგიის განახლებად წყაროებში შეჩერებული ინვესტიციები, გლობალური მიწოდების გაწყვეტილი ჯაჭვი. ზოგიერთი ქვეყნისათვის ენერგოუსაფრთხოებამ, ეროვნული უსაფრთხოების სახეც კი მიიღო.
 
მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდამდე ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ენერგიაზე წვდომა. პანდემია კი, ჩვენს საზოგადოებებში უთანასწორობასა და სიღატაკეს მხოლოდ გაზრდის. ასე რომ,  სუფთა და უსაფრთხო ენერგიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხდება.
 
მიმდინარე შეზღუდვებიდან გამომდინარე, მხოლოდ დროებით მცირდება მსოფლიოში CO2-ის გამონაბოლქვი. ეს აღნიშვნისა და ზეიმის მიზეზს არ გვაძლევს, რადგან ეს ჯანმრთელობისა და ფართო ეკონომიკური ტრავმის ხარჯზე ხდება.
 
მიუხედავად ბოლო ათწლეულში დაჩქარებული პროგრესისა, ვიცით, რომ მსოფლიო ენერგოსექტორში წინასწარ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში, ნელდება  ენერგოეფექტურობის აღმასვლა.
 
ვცდილობთ რა, ამ შოკებისგან აღდგენას, არსებობს ფუნდამენტური კითხვები, რომლებსაც ჯერ კიდევ პასუხი უნდა გაეცეს:
 
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ენერგოსისტემები შესაძლო მომავალი კრიზისებისადმი უფრო მდგრადი გავხადოთ?
 
- როგორ ზეგავლენას მოახდენს ეს მდგრად ენერგიაზე გადასვლის მიმდინარე პროცესზე?
 
- რა უნდა მოვიმოქმედოთ შემდგომ იმისათვის, რომ გამონაბოლქვის დონემ არ მიაღწიოს წინა ნიშნულებს, როგორც ეს წინა კრიზისების დროს მოხდა?
 
- როგორ მოვახდინოთ არსებული რისკების შემსუბუქება, ეფექტური სტიმულირებისა და პოლიტიკის გამოყენებით?
 
პანდემიამ ყველა ჩვენგანი გამოცდის წინაშე დააყენა და ჩვენი ეკონომიკისა და ენერგოსისტემების სისუსტეები გამოავლინა.
 
მიუხედავად ამისა, ეს რთული პერიოდი ასევე გვაძლევს მრავალ შესაძლებლობას  რათა გავაძლიეროთ  და დავაჩქაროთ მუშაობა ენერგოეფექტურობისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კუთხით. ვხედავთ მრავალ წარმატებულ მაგალითს მსოფლიოს გარშემო, რომლის მასშტაბირებაც უნდა მოვახდინოთ
 
ჩემი ქვეყნის გადმოსახედიდან: საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც არაენერგოეფექტური შენობების მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა ერგო, რომლის ჩანაცვლებაც თანდათან ხდება. ამ შენობების უმრავლესობა იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ენერგოეფექტურობის სტანდარტები ძალიან დაბალი იყო. დღეს კი, მსგავსი გარემო შესანიშნავი ნიადაგია ენერგოეფექტურობის მიმართულებით ექსპერიმენტების ჩასატარებლად.  
 
მიმდინარე კრიზისის საპასუხოდ, საქართველომ მნიშვნელოვნად დააჩქარა ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღება და შემოიღო  შენობების ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტები და რეგულაციები - პროცესი რომელიც სულ ახლახანს დასრულდა.
 
ამასთანავე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან ერთად, მათ შორის, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსთან ერთად,  საქართველო ეტაპობრივად მიიწევს მუნიციპალური ტრასპორტისა და გარე განათების ჩანაცვლებისა და მოდერნიზაციისაკენ, ვითარდება ბიომასის საწვავის მიწოდების ჯაჭვისა და გათბობის პილოტური სისტემები; ასევე, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა და მზის თერმული ტექნოლოგიები ხანდაზმულთა სახლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ენერგოდანახარჯები 80%-ით შეამცირა.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვთავაზობთ იგივე სარგებლებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
 
ნებისმიერ რეგიონში, პროგრესის ტემპის გაძლიერებისათვის საჭიროა ძლიერი პოლიტიკური ნება, გრძელვადიანი ენერგოდაგეგმარება, გაზრდილი საჯარო და კერძო დაფინანსება და პოლიტიკური და ფისკალური წახალისების მექანიზმები ტექნოლოგიების უფრო სწრაფი განვითარებისათვის.
 
ენერგოეფექტურობას, როგორც  2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ერთ-ერთ ქვაკუთხედს, ჩვენს ახალ რეალობაში გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ღარიბი და მოწყვლადი საზოგადოებისთვის.
 
ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ენერგოეფექტურობის სფეროში უკვე არსებული მიღწევები და გააძლიერონ  მცდელობა, რათა ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს  უფრო  ხელმისაწვდომი, სანდო, მდგრადი და თანამედროვე ენერგია. 
 
დღევანდელი კონფერენცია და საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ენერგოეფექტურობაზე გადაუდებელი მოქმედების გლობალური კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დღის წესრიგში აყენებს საკვანძო საკითხებს - კრიზისის მდგრადი აღდგენის შესახებ მსჯელობისა და გამოსავლის გამონახვის მიზნით.
 
ძვირფასო მონაწილეებო,
 
ვინაიდან დღეს ჩვენ ენერგოეფექტურობის წინაშე მდგომ გამოწვევებზე ვფიქრობთ და ვცდილობთ გადავჭრათ არსებული პრობლემები, მინდა რამდენიმე მთავარი გზავნილი დაგიტოვოთ:
 
- საჭიროა ძლიერი ლიდერობა, თავდადება და ერთობლივი მოქმედება. პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, შეზღუდული რესურსებითაც კი, შეუძლიათ მიაღწიონ უკეთეს ენერგოეფექტურობას, მთავარია არსებობდეს ნათელი ხედვა და სისტემური ქმედება.
 
- მთავრობებისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეკონომიკური რეგენერაცია და მდგრადი ენერგეტიკა არ უნდა იყოს ურთიერთგამომრიცხავი.

- ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის ენერგოეფექტურობის შესახებ ცოდნისა და ტექნოლოგიის გადაცემას. იმისათვის, რომ ეს პროგრესი ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის.

- უნდა მოვახდინოთ მწვანე პოლიტიკისა და ენერგოეფექტურობის სტიმულირება, მათ შორის, წვდომა მწვანე დაფინანსებაზე.
 
- ენერგოეფექტურობა ნამდვილად შესაძლებელია იყოს მძლავრი მექანიზმი უთანასწორობისა და სიღარიბის შესამცირებლად.
 
- მდგრადი ზრდა ხვალინდელი დღის არჩევანი აღარ არის. მდგრადი განვითარების მიზნები დღეს აუცილებლობას წარმოადგენს. და მხოლოდ მდგრადი და ინკლუზიური, ანტიკრიზისული გეგმით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს - რაც უფრო სუფთა და უსაფრთო ენერგოსისტემების მშენებლობას წარმოადგენს. ჩვენ, როგორც ხელისუფლებებს სადევეები ამ მიმართულებით უნდა გვეჭიროს.
 
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთიან საჯარო მიდგომაზე ვართ ფოკუსირებული, მე მჯერა, რომ სისტემურ ძალისხმევას ასევე "ერთიანი საზოგადოების" მიდგომა სჭირდება, რომელიც ინდივიდებს, ოჯახებს, საზოგადოებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოიაზრებს,  რადგან ენერგოეფექტურობის აღმასვლა მეტწილად ხალხის გადაწყვეტილებებსა და ქცევებზეა დამოკიდებული. ჩვენ სრულად ინტეგრირებულ მიდგომას უნდა მივმართოთ. და მე, როგორც პრეზიდენტი, მონდომებული ვარ, რომ შევუწყო ხელი ენერგოეფექტურობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
 
ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიური და კრეატიული, ვინაიდან ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებები შექმნის მომავლის ეკონომიკასა და ენერგოსექტორს და დიდწილად მოახდენს გავლენას ჩვენს მიზნებზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
 
დაბოლოს, ყველა მონაწილეს ნაყოფიერ სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებს ვუსურვებ.
 
გმადლობთ!

 

სხვა სიახლეები