23 თებერვალი - იუნკერების ხსოვნის დღე პარლამენტში იუნკერების მემორილთან აღინიშნა

„სიზმრად ვნახე საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა, დაფლეთილი ჩვენი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა“, - ამ ლექსით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი და იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო და იუნეკრები დამარცხდნენ, საქართველო მისმა მთავრობამ დატოვა და რუსეთმა გაიმარჯვა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერების ხსოვნის პატვსაცემად გამართულ ღონიძიებაზე საქართველოს პარლამენტში, რომელსაც პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ.

,,ეს ასე ჩანდა 1801 წელსაც, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი, 1921 წელსაც, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენობა მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად და ასე ჩანდა მაშინ, როცა სოხუმი დაეცა, ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შედის რუსეთის ჯარი. 

ეს ისე ჩანს, რომ თითქოს ეს რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხებაა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დღეს პრეზიდენტის სასახლეზე კოჯრის მთაზე მოქანავე დაფლეთილი დროშა  საქართველოს დღევანდელ დროშასთან ერთადაა აღმართული. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. დღეს დამოუკიდებელი საქართველო დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით დგას. 

იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს მაგალითი და ამ მაგალითზე ჩვენ უნდა ვზრდიდეთ დღეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს.

ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არც 25 თებერვალი და არც 9 აპრილი არ უნდა იყოს გლოვის დღე,  ყველა ეს თარიღი ჩვენი გამარჯვების დღეა, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ, როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა  ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს. 

მაგრამ ამავდროულად, ეს დღეები იმაზე დაფიქრების დღეებია, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისათვის, რათა საუკუნეების შემდეგ, მომავალმა თაობებმა ჩვენც გამარჯვებულები გვიწოდონ.  ყველაფერს ვაკეთებთ თუ არა იმისთვის, რომ ახალგაზრდობას გადავცეთ ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდა მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეს, მთელ მაყაშვილების ოჯახს და სხვებს ვინც იქ იბრძოდნენ. ნუთუ სკოლებში ქვეყნის სიყვარულს ვასწავლიდით, ნუთუ ჩვენ სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა, მომავლის ის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება. ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშე ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ  არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს. ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო დავაყენოთ ყველაფერზე ზემოთ, პარტიების ზემოთ, პირადი ინტერესების ზემოთ, სიძულვილის ზემოთ და მიხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა. და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს, ყოველდღიურად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ ვიყოთ იმ იუნკერების ღირსი ქვეყანა, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის სასახლის ფასადზე, გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალური დაფა, რომელიც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში, 2018 წლის 24 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და თბილისის მერიის თანადგომით გაიხსნა.

 


სხვა სიახლეები