საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების საფუძველი სწორედ საქართველოს პირველ კონსტიტუციაში დევს

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას წიგნის „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც პრეზიდენტის მხარდაჭერით მომზადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედლები საჩუქრად გადასცა წიგნის ავტორებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა. 

,,დღეს, 21 თებერვალს ჩვენ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს აღვნიშნავთ, რომელმაც 1921 წელს სამწუხაროდ, მხოლოდ 4 დღე იარსება, მაგრამ ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის, მისი სახელმწიფოებრიობისა და  მისი კონსტიტუციის ისტორიისთვის. ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების საფუძველი სწორედ საქართველოს პირველ კონსტიტუციაში დევს. 

,,დღეს აქ შედგება პრეზენტაცია იმ ტრილოგიის, რომელიც სწორედ ჩვენი კონსტიტუციური ისტორიის და ჩვენი კონსტიტუციონალიზმის საფუძველია, რომელშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და რომელიც ძალიან დიდი მიღწევა რადგან ამ სამ წიგნში ჩანს ქართული კონსტიტუციონალიზმის სიმდიდრე და ქართველი კონსტიტუციონალისტები. 

ჩვენ ამ კუთხით ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, ძალიან ბევრი გვაქვს ნაფიქრალი ამ თემაზე და ეს იყო  ასევე ის თემა, რომელზედაც ქართულ ემიგრაციაში ბევრს წერდნენ. ანუ, ყოველთვის აღელვებდა ქართველს - რა საფუძვლები ჰქონდა ამ სახელმწიფოს და რა ფასეულობები უნდა ყოფილიყო დაცული. 

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ ტრილოგიის პრეზენტაცია აქ მოხდება, პრეზიდენტის სასახლეში, რამეთუ პრეზიდენტი კონსტიტუციის პირველი დამცველია, მასთანაა თავმოყრილი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ღირებული ფასეულობები. ეს არის ის ინსტიტუტი, რომელიც პრაქტიკულად იმაზე დგას, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს კონსტიტუცია, რომელიც არასოდეს იქნება ფარატინა ქაღალდი და ყოველთვის იქნება იმ ფასეულობების კრებული, რომლისთვისაც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლისთვისაც ჩვენ  ზოგჯერ ვკვდებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, მინდია უგრეხელიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ბექა ქანთარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი, კონსტიტუციონალისტი, ჯონი ხეცურიანი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე და ყოფილი თავმჯდომარეები, კონსტიტუციონალისტები, აკადემიური წრის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები