საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს ეწვია. პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ნატო-ში. ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატო-ს გენერალურ მდივანთან, და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ნატო- საქართველოს დღის წესრიგს.
"პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი. მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება", - აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც პირველ სამუშაო ვიზიტს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.