ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი პირველ სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისპერსპექტივებსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენების განვითარებას, რადგან მიაჩნია, რომ ისინი პირდაპირ კავშირშია მის ევროპულ ინტეგრაციასთან.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ევროპარლამენტში საქართველოს კვირეულის გამართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ევროპარლამენტის თანადგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ალტერნატივა არ ჰქონდა იმას, რომ მას პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირში ექნებოდა, რადგან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პროევროპული ქვეყანაა.
"საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის გზა და მას არ გადაუხვევს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამ ხედვას იზიარებს როგორც ქართველი ხალხი, ისე პოლიტიკური ლიდერები, პარლამენტი და პოლიტიკური ძალები. სწორედ ამიტომ გაკეთდა ჩანაწერი კონსტიტუციაშიც, რომელიც ძალაში დეკემბრიდან შევიდა.
მადლობელი ვარ ყველა იმ შეხვედრისთვის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გაიმართა ბრიუსელში. ყველამ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა და ჩვენი დახმარების მიზნით მეტის კეთების სურვილი. ჩვენ მეტი თანამშრომლობა გვსურს. ვიცით, რომ ინტეგრაცია მოკლე დროში ვერ მოხერხდება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენ რეალისტები ვართ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ამბიციურებიც.
მადლობას ვუხდი პარლამენტს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ყველა იმ საკითხის გამო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ჩვენ ვისაუბრეთ ევროპარლამენტში საქართველოს კვირეულის თემაზე, რომელიც ქართული კულტურის როგორც ევროპულის აღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი განცხადებებისას.
ანტონიო ტაიანიმ საქართველოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შეძლოს.
"პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ შეძლო უპრობლემოდ მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში. გვინდა მოგზაურთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა და ამ მნიშვნელოვან ქვეყანასთან თანამშრომლობა განმტკიცდეს.
ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობის თვალსაზრისით. ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც.
ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს საპარლამენტო დონეზე. შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ქართველები ევროპელები არიან და ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შევძლოთ. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნა ანტონიო ტაიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდი ჰაუტალა, მაიკლ გალერი.