საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი და ნატო-სა და ევროკავშირში გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა.
"ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ შევხვდით ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული საქართველოსთან თანამშრომლობით. საქართველოს მიმართ ყველა ძალიან კეთილგანწყობილია და გამოითქვა მზადყოფნა, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, შეხვედრებზე ძალიან პოზიტიური გზავნილები დაფიქსირდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
"დაფასებულია ის ფაქტი, რომ 300 000-მა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით, შემოვიდა ევროკავშირში და ეს არის ძალიან პოზიტიური. ამავე დროს ვიცით, რომ არის პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებზე დიდი აქცენტი არ გაკეთებულა. არ იყო აქ არანაირი მუქარა, რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით არ უნდა მიუდგეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრებზე ძლიერი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს პოლიტიკის მიმართ, რომ სწორი ნაბიჯებია გადადგმული.
"ამავე დროს, გამოითქვა შეშფოთება ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, არსებობს მზადყოფნა, რომ ეს საკითხი გააჟღერონ რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, რათა არ იყოს ეს მიღებული როგორც ფაქტი, რომელსაც შევეგუებით. ყველას მიერ გაცხადებულია არშეგუების პოლიტიკა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.