ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემატიკაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

ცილისწამებასა და დეზინფორმაციასთან საბრძოლველი მექანიზმებსა და მეთოდებზე სამსჯელოდ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფართო დისკუსია დაიწყო. შეხვედრაზე, რომელსაც ადამიანის უფლებებსა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მომუშავე 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, პრეზიდენტმა მესამე სექტორთან თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პრობლემების გადაჭრამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მესამე სექტორი დიალოგისა და თანამშრომლობის მუდმივ რეჟიმში იყვნენ. სალომე ზურაბიშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელება ქმნის ქვეყანაში. მისი განცხადებით, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა იყოს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლი, რომელიც საზოგადოების მოსაზრებებს მიიტანს ხელისუფლებამდე და მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიტანოს პარლამენტამდე ის პრობლემური საკითხები, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა.
პრეზიდენტის თქმით, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების წინაშე, რასაც შესწავლა სჭირდება, თუმცა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს შემუშავებული მზა საკანონმდებლო ცვლილებები, ან სხვა მზა პასუხები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და მიაჩნია, რომ ეს არის საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ძნელია ამ ორი ცნების: ცილისწამებისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, სწორედ ამიტომ ერთობლივი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თვითმიზანი არაა, რომელიმე კანონის გამკაცრება, ან ირიბი ფორმით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. "მე არ დავუჭერ მხარს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ამ ღირებულების საფრთხის ქვეშ დაყენება ვერ იქნება ჩემი მიზანი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის თემა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრიორიტეტიცაა, არ არსებობს ისეთი ქვეყანა, ვინც არ ფიქრობს, როგორ დაიცვას თავი ამისგან. საზოგადოება დაუცველია ამ კუთხით და ხშირად დეზინფორმაცია გამოიყენება პოლიტიკური მოსაზრებებით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან