საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პეის ტერმინალის" დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელიც აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC) და "პეის ჯგუფმა" გააფორმეს.
ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC- ი ფოთში "პეის ტერმინალის" მშენებლობის პროექტს 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გახდეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრი.
"მიხარია, რომ დავესწარი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას, რომელსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა ფოთის პორტისა და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის; ვულოცავ ფოთს, საქართველოს მთავრობასა და თითოეულ ქართველს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სასტუმრო “ბილტმორში” ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.