სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდა და კომპანიას "ჰერბია“ ეწვია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.
კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯანელიძემ პრეზიდენტსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საწარმოს მუშაობის პროცესის ყველა ეტაპის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომპანიამ ადგილობრივი და უცხოეთის ბაზრები აითვისა, მის პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ზურაბ ჯანელიძემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ, ადგილობრივ კომპანიებსა და მეწარმეებს აწუხებთ.
პრეზიდენტი წყალტუბოში ცნობილი, ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას ესტუმრა, რომელიც ქართული ხალხური ტრადიციების შესაბამისად, თაფლის, ქვევრის ღვინისა და ლუდის წარმოებას ახორციელებს.
ოტია იოსელიანის განცხადებით, ტრადიციული წესით დამზადებული ლუდი და ქვევრის ღვინო დიდი მოწონებით სარგებლობს ტურისტებში და იმერეთის რეგიონს ამ მიმართულებითაც აქვს განვითარების პოტენციალი. მისი აზრით, კარგი იქნება თუ საოჯახო ლუდის წარმოება აღორძინდება და გაიმიჯნება ქარხნის ლუდის წარმოებისაგან, ეს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას ტრადიციული საოჯახო ლუდი დაბრენდოს და გასაღების ბაზრები მოიპოვოს.
იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.