საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს. სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.
ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას "ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.
დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის IFRI წარმომადგენლებთან. საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე საჯარო ლექციას, "საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“, საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo წაიკითხავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე იუნესკოში, ეწვევა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას, ლევილის შატოს, პარიზში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის საჭიროებასა და მექანიზმებზე ისაუბრებს.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში თეონა გიუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ნათია სულავა.