საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის "ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.
“ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” მოწინავე პლატფორმაა, რომელიც გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით ქალთა პოზიციასა და მოსაზრებას გამოხატავს. ორგანიზაცია მხარს უჭერს გლობალური ეკონომიკისა და საზოგადოებრივ საკითხებში ქალების ჩართულობის გაზრდას და ხელს უწყობს პროგრესული ინიციატივების განხორციელებას ბიზნესისა და კულტურის სფეროებში, ასევე მედიასა და არასამთავრობო სექტორში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფრანგეთში, ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრა ლიდერი ქალების ორგანიზაციასთან სწორედ მის მნიშვნელობაზე მიუთითებს და ძალიან ნიშანდობლივია.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და სექტორული თანამშრომლობის მიმართულებით ევროკავშირთან დაახლოების გზებზე.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, განათლების, კულტურის, ტრანსპორტის მიმართულებებით ევროპასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, უფრო მარტივად და სწრაფად მისაღწევია საქართველოსათვის, ვიდრე პოლიტიკური გზა, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც დღეს ევროკავშირშია.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე საქართველოში ქალების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ქალები ბევრად უფრო ძლიერები არიან და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოლიტიკის გარდა, სხვა სფეროებში - ბიზნესსა და კულტურაში უფრო სწრაფად და მარტივად მოახდინეს ადაპტაცია. საქართველოში პოლიტიკის ნეგატიური იმიჯის გამო, მათ თავად არ სურთ ამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და უპირატესობას ანიჭებენ სოციალურ და კულტურულ სფეროებში მოღვაწეობას.
"ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის“ 2005 წელს ოდ დე ტუინმა გავლენიანი ფრანგი ქალების მხარდაჭერით დაარსდა.
2007 წელს „Financial Times“-მა "ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის“ მსოფლიოს ხუთ ყველაზე გავლენიან ფორუმებს შორის დაასახელა.
ქალთა ფორუმის გლობალური შეხვედრა ყოველწლიურად პარიზში, საფრანგეთში ტარდება. ის 2500-ზე მეტ დელეგატსა და მომხსენებელს მასპინძლობს რათა მათ განიხილონ უმნიშვნელოვანესი მსოფლიო მოვლენები და გენდერული მრავალფეროვნების ძირითადი საკითხები.