საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
 
სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში საფრანგეთიდან გაემგზავრა, სადაც 17-19 თებერვალს სამუშაო ვიზიტი გამართა და ემანუელ მაკრონს შეხვდა. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას.
 
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს შეხვდება. “ბელვუს” სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ.
 
შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ერთობლივი პრესკონფერენცია. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
 
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან. ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტს ბერლინში, კიორბერის ფონდში უმასპინძლებენ, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართება.

სხვა სიახლეები