საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბელვიუს სასახლეში გაიმართა, რომელზეც საქართველოს და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა და პრეზიდენტები სასახლეში სპეციალურად ცერემონიაზე დასასწრებად მოწვეულ ბავშვებს გაესაუბრნენ.
შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს.
აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან გერმანია ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა და მისი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.
საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.