საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის თებერვალში, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა.
,,აქ, ამ ადგილზე, თბილისის გადარჩენისათვის დაიღუპა იუნკერების დიდი ნაწილი. ეს დღე საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება.
ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისათვის ჩვენ არა მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყოთ, არამედ ყოველდღე უნდა ვიხსენებდეთ მათ.
ვწუხვარ იმის გამო, რომ აქ ტაბახმელა-კოჯრის მიდამოებში იუნკერთა მემორიალის გარდა, არ არის ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის ამსახველი არანაირი კვალი.
აქ ახალგაზრდები და უცხოელები თუ ამოვლენ უნდა შეეძლოთ იმის გაგება, რა ბრძოლები ჩატარდა, რა დატვირთვის იყო და რატომაა ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.