ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობა, ევროკავშირის ყველა შესაძლო ფორმატში ჩართულობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და კულტურული ურთიერთობების გააქტიურება - აღნიშნულ საკითხებზე, ლიეტუვაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ საულიუს სკვერენელისისთან შეხვედრისას განიხილა.
ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ლიეტუვის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განსაკუთრებული და ურყევი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.
ქართულმა მხარემ არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პარტნიორების შემდგომი კონსოლიდაციის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ლიეტუვის, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს 15 წლიანი წევრის მხარდაჭერის მნიშვნელობა და მისი გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
შეხვედრისას ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებად დასახელდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგი - სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები.
მნიშვნელოვანია საქართველოსა და ლიეტუვას შორის განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობა, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის ცენტრის საქმიანობა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მუშაობა.