სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის სწავლების საკითხით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალს ათვისება სჭირდება, როგორც ტურისტული და ეკონომიკური, ასევე კულტურული და ტურისტული განვითარების მიმართულებით.

პრეზიდენტის განცხადებით, ისეთ მრავალეთნიკურ რეგიონში, როგორც ქვემო ქართლია, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ხელშეწყობა, რათა ეთნიკურმა უმცირესობებმა სწრაფად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.

„ის, რომ რეგიონში ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის ბავშვები ნიშნავს, იმას რომ ამ ქვეყანაში არსებობს მშვიდობა, ერთმანეთის გაგება, პატივისცემა და ტოლერანტობა, რომელიც კავკასიის საერთო ფასეულობაა.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ტოლერანტობის, როგორც ფასეულობის შენარჩუნება, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ის, რომ ჩვენთან, ამ პატარა ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა და სიყვარული, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ძალაა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ იუნესკო ქართულ ტოლერანტობას, როგორც კავკასიის საერთო ღირებულებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.

„ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და ტოლერანტობის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ, რეგიონის მოსახლეობა თავიანთი ცხოვრების წესით, რომელიც მისაბაძი მაგალითია მსოფლიო საზოგადოებისათვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ყურადღება გაამახვილა ქართული ენის სწავლების გაძლიერების შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

აღინიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონული ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართულ ენას, სახელმწიფოს დაფინანსებით, 250 მსმენელს ასწავლის.

სოფლების მოსახლეობისათვის კი, რომლებსაც მარნეულში ჩასვლა არ შეუძლიათ, სკოლის მასწავლებლების მობილური ჯგუფები ადგილზე ატარებენ გაკვეთილებს. სკოლა ქართული ენის სწავლების მიმართულებით ქვემო ქართლში 2011 წლიდან მუშაობს და ქართული ენის სწავლებას აუდიოგაკვეთილებითაც ახორციელებს.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან