სალომე ზურაბიშვილი - როცა თეატრი ცოცხალია, საქართველო ცოცხალია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრთან და აჭარის  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნა.

 

პრეზიდენტსა და პრემიერს თეატრში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა უმასპინძლა და შენობის ისტორიისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

რესტავრაცია ჩაუტარდა და ავთენტურობა დაუბრუნდა ისტორიული შენობის უნიკალურ კედელსა და ჭერის მხატვრობას,  ისევე როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები. შესაძლებელი გახდა შენობაში არსებულ დიდ და მცირე სცენაზე, პარალელურ რეჟიმში, სხვადასხვა წარმოდგენების გამართვა.

 

პრეზიდენტი  თეატრში პრემიერას დაესწრო, რომელზეც წარმოდგენილი იყო სპექტაკლი დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით „KLDIASHVILI.GE #რწმენითადაიმედით“.  

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში თეატრის აღდგენას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს ყველა  რეგიონში.

 

,,თეატრის დაბრუნება რეგიონებში მნიშვნელოვანია ადგილობრივი საზოგადოებისა და რეგიონებში ხალხის დაბრუნებისათვის, რადგან კულტურის გარეშე, რეგიონის განვითარება ვერ მოხდება.

 

მეტი კულტურა რეგიონში თეატრით  იწყება და არ დაგვავიწყდეს, რომ თეატრი იყო და არის, ყველგან და ყოველთვის, ჩვენი ეროვნული აღორძინების საწინდარი. როცა თეატრი ცოცხალია, საქართველო ცოცხალია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული თეატრის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა ,,ქართუ"  ჩაუტარა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან