საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
პარლამენტთან მდებარე მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად მივიდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წელს კი, 9 აპრილი “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ” გამოცხადდა.