კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და ქალბატონ ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ჩვენთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით.
საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.
,,კვიპროსი ქართველებისთვის, პირველ რიგში, იყო გზა წმინდა მიწისკენ. ნიშანდობლივია, რომ არსებობს ცნობილი ლეგენდაც, რომელიც აღწერს ჩვენი დიდი მეფის - თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის მოგზაურობას კვიპროსის გავლით წმინდა მიწისკენ.
ამ გზამ ქართველები და კვიპროსელები ისე დაგვაახლოვა, რომ ჩვენ საიმედო მეგობრები გავხდით და ისტორიის არც ერთ ეტაპზე ამ ურთიერთობას ბზარი არ შეჰპარვია.
კვიპროსის ღალიის ქართველთა მონასტერი, რომლითაც ქართველებიც და კვიპროსელებიც ასე ვამაყობთ, ჩვენი დიდი მეგობრობის სიმბოლოა.
ღალიის არქეოლოგიური გათხრები, კონსერვაცია და, ბოლოს, მისი კვიპროსის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა მოწმობს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ქართული კულტურული მემკვიდრეობა თქვენთვის, რამდენად აფასებთ მის მნიშვნელობას.
თანამშრომლობის ის დონე, რაც ზოგადად, ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებობს, სრულიად განსაკუთრებულია. ეს მზრუნველობა, ისტორიულად, ორმხრივი იყო. ქართველთა მეფე - ერეკლე მეორე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა კიკოსის მონასტრის მიმართ.
საამაყოა, რომ ამ ღრმა ურთიერთობას დრო ვერაფერს აკლებს, - ორი წლის წინ დაიწყო არქეოლოგიური გათხრები სოფლებში - ალამინოსსა და სოფტადესში. ისინი, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართულ ძეგლებად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ ეს გათხრები ქართული არქეოლოგიური მისიების მიერ მიმდინარეობს და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გითხრათ ამ ჟესტისთვის.
ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ კვიპროსის სამთავარეპისკოპოსომ და, თავისი გადაწყვეტილებებით, ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს სამონასტროდ, სრულ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადასცეს 13 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კვიპროსის აგია-მარინაში. ეს ისტორიული ფაქტია, რისთვისაც ძალიან მადლობელნი ვართ.
ასევე, აუცილებად უნდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა, წალკაში უწყლობის პრობლემის გადაჭრაში დიდი დახმარება გაგვიწია ბატონმა გეორგიუს იაკოვუმ. ბატონი გეორგიუსი მაშინ ხელმძღვანელობდა ყოველთა ბერძენთა საერთაშორისო ფონდს.
მისივე მხარდაჭერით თბილისში გაიხსნა უფასო სამედიცინო დაწესებულება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მაშინ ფასდაუდებელი ჰუმანიტარული აქცია იყო.
ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ საუკუნეებგამოვლილი ეს იშვიათი ურთიერთპატივისცემა. მჯერა, რომ ამ ურთიერთობას, ერთმანეთის უანგარო მხარდაჭერას თაობები გააგრძელებენ, რადგან მას ძალიან ძლიერი საძირკველი აქვს.
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში! გისურვებთ მშვიდობასა და დიდ წარმატებებს!
გთავაზობთ ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელოს!“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.