საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა საქართველო -კვიპროსის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელიც კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.
სალომე ზურაბიშვილმა ქართველ და კვიპროსელ ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა და კვიპროსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველო -კვიპროსის პირველ ბიზნესფორუმს, რითაც იდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. საქართველო ევროპის გზაზე დგას და ამდენად, კვიპროსთან, რომელიც ევროკავშირის წევრია, პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია.
,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით ევროკავშირმა ჩვენ მოგვცა საუკეთესო შესაძლებლობა - გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ფართოვდება გზა საქართველო - კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში. სავაჭრო ხელშეკრულება ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმებაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცებას.
ვიმედოვნებ, რომ ფორუმი შექმნის რეალურ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისთვის.
შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი ახალ პერსპექტივებს გვისახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიზიკურ კავშირს აყალიბებს.
სტრატეგიული მდებარეობა, დიდი ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს ჩვენს სრულიად რეალისტურ ამბიციას, გავხდეთ რეგიონული ჰაბი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ სულ უფრო მეტად ვზრუნავთ თანამედროვე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა უმსხვილეს მსოფლიო ბაზრებზე. ჩვენი საგადასახადო გარემო შეღავათიანია და ეს, მათ შორის, ეხება იმპორტს.
საერთაშორისო რეიტინგებში, წლევანდელი მონაცემებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის მიხედვით, ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ 190 ქვეყანას შორის, ევროპის ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილს ვიკავებთ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზე ვართ.
მიუხედავად ამ წინსვლისა, ჯერ კიდევ ვდგავართ გამოწვევების წინაშე. დასაქმების პრობლემა კვლავაც გადაულახავია. ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის.
მინდა აღვნიშნო, რომ სამიოდე წლის წინ კვიპროსი იყო მსხვილ ინვესტორთა ათეულში. ვიმედოვნებ, რომ ეს ინტერესი არ განელდება და ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო გაფართოვდება.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უშუალოდ კვიპროსში ექსპორტის ზრდაზე. უკვე არაერთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი არსებობს, რომელთა კვიპროსში გატანა იქნება სარგებლიანი ორივე მხარისთვის.
შავ ზღვას ჩვენს ურთიერთობაში ისტორიულად ჰქონდა უდიდესი როლი. კვიპროსი ქართველებისთვის, პირველ რიგში, იყო გზა წმინდა მიწისკენ. ეს გზა დღეს ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის. ვაჭრობისა და ტურიზმის მუდმივი განვითარებისთვის რეალური საფუძველი გვაქვს. ზღვა ჩვენი საუკეთესო მოკავშირეა.
ვიმედოვნებ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს დავინახოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების ახალი გზები. ბიზნესკავშირების გაძლიერებისთვის, ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის საუკეთესო ფორმატი სწორედ ასეთი შეხვედრებია. მინდა გისურვოთ ყველას წარმატება და ნაყოფიერი მუშაობა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბიზნესფორუმზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ბიზნესფორუმი საქართველოსა და კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩატარდა.