​საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს

პოლონეთში, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა.
პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ  ფორმატში გამართეს.
 
მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება.
მხარეებმა პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების 100 წლის იუბილეზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ეს თარიღი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველო - პოლონეთის მყარ, სტაბილურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ნაყოფიერ თანამშრომლობას.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დასვა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა, აღნიშნული ფორმატის მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანა.
ხაზი გაესვა პოლონეთის როლის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდეს და არ იყოს განზოგადებული მიდგომები, ხელი შეეწყოს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. მაგალითად, განათლების,  კულტურისა და სხვა სფეროებში, სადაც საქართველოს არ სჭირდება დამატებითი ძალისხმევა, ისარგებლოს იმ ბენეფიტებით, რითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ.
მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხო ცირკულარული მიგრაციის საკითხს, რომელიც საქართველოსათვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს რეგულარულ მიგრაციას, რაც თავისთავად,  არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრის საფუძველია.
ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მნიშვნელობას. საქართველოსათვის საინტერესოა სამი ზღვის - შავი ზღვის, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის ინიციატივაში მონაწილეობა, რაც  ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გახდება.
როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ 2019 - 2020  წლებში, პოლონეთის საელჩო საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას ასრულებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. 
აღინიშნა, რომ საქართველოსათვის საინტერესო მაგალითია პოლონეთის სახელმწიფო მოწყობა და დეცენტრალიზაცია, რადგან რეგიონთა შორის ურთიერთობა საქართველოს განვითარებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სხვა სიახლეები