საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.
,,პოლონელ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები მრავალ საუკუნეს ითვლის. საქართველოში პოლონელები ჩამოდიოდნენ, როგორც მეგობრები, აშენებდნენ, არქიტექტურულ, ძალიან საინტერესო შენობებს, როგორიცაა კონსერვატორია, სასამართლო და სხვა. დღეს, ამ რთულ მსოფლიოში, ვიცით, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს ერთგული მეგობრის, პოლონეთის იმედი და ნდობა.
ძალიან იშვიათია გყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს და გვერდში დაგიდგეს. მე მგონი, სხვა ასეთი ქვეყანა საქართველოს არ ჰყავს. ეს იცის საქართველოს მოსახლეობამ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა პოლონეთს.
ვიცით, რომ პოლონეთი ჩვენს გვერდით დგას, როგორც მშვიდობის პერიოდში, ასევე ომში. ჩვენ არ დაგვავიწყდება 2008 წელს თქვენი პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში. ყველა საერთაშორისო ფორმატში და ყველა ფორუმზე მისი და შემდგომ თქვენი მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები. ასე გრძელდება დღემდე. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ყველა ფორმატში, ასევე, გაეროსა და ევროსაბჭოს ფორმატებში თანამშრომლობისას მხარდაჭერილი რეზოლუციები, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს იყოს უფრო ეფექტიანი.
საქართველოს, პოლონეთის სახით, ევროკავშირსა და ნატო-ში ჰყავს პარტნიორი და მოკავშირე, რომელიც ყოველთვის მზადაა გზა გაუხსნას მას. დღეს 7 მაისია და აღმოსავლეთ პარტნიორობას 10 წელი შეუსრულდა, რომელიც სწორედ პოლონეთისა და შვედეთის მიერაა წამოწყებული. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა უნდა განახლდეს და ახალი ფორმები მიიღოს იმ პარტნიორობამ, რომლის ფორმატში ძალიან ბევრს მიაღწია საქართველომ. ჩვენ მივიღეთ პარტნიორობა, შემდეგ ასოცირება, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაცია. უზარმაზარი ნაბიჯები გადავდგით სწორედ ამ მხარდაჭერით და დღეს გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეთ. გუშინ ევროკავშირის ელჩი თბილისში ამბობდა, რომ საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან, და ევროკავშირის ღია კართან.
ეს მართლაც ასეა, მაგრამ ბოლო ნაბიჯები მაინც გადასადგმელია. კიდევ დაგვჭირდება პოლონეთის მხარდაჭერა, რომელსაც გვპირდებით ბატონო პრეზიდენტო.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით: სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირის ყველა იმ ფორმატებსა და პროგრამებში შესვლა, სადაც შეიძლება საქართველომ თავისი ადგილი დაიკავოს, სამი ზღვის ფორმატში თანამშრომლობა, EuroMed-ის ინიციატივა, ტრანსპორტის, განათლებისა, თუ კულტურის პროგრამები, სადაც პრაქტიკულად უკვე ვართ შესული და სადაც გვაქვს ამბიცია, რომ სრულ წევრად ვიყოთ აღიარებული. რაც ეხება ნატო-ს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ნატო-ს საკონტაქტო პუნქტი სწორედ პოლონეთის საელჩოა.
ძალიან აქტიურია ელჩი და საელჩო, რომელიც ასევე გვერდში გვიდგას. როგორც ყველა აღიარებს საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან და პრაქტიკულად, ნატოს წევრობისათვის ყველაფერი შესრულებული აქვს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს ნატო მოდის საქართველოსკენ, რადგან შავი ზღვა უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. საქართველო, პარტნიორებთან ერთად, მზადაა იზრუნოს შავი ზღვის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რათა აქ არ შემოვიდეს ის კონფრონტაცია და ის კონფლიქტები, რომელიც ხელს არ შეუწყობს სწორედ იმ ხიდს, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის. ბათუმში დიდი კონფერენცია ჩატარდება, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს შავი ზღვის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ურთიერთობების როლს პარტნიორობის 10 წლის თავზე.
ამ კონფერენციაზე დავპატიჟე ბატონი პრეზიდენტი, რათა იქაც იყოს გამოხატული პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიციების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერმა - ომმა, პროვოკაციებმა და ზეწოლამ, ვერ შეაცვლევინა საქართველოს მთავარი მიმართულებები ევროკავშირისა და ნატოს კუთხით, ვერ შეაჩერა საქართველოს ეკონომიკური განვითარება.
ეს ჩვენი გამარჯვება და რუსეთის დამარცხებაა! ამ გამარჯვების გზაზე უნდა განვაგრძოთ სიარული ჩვენ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე - ეს იქნება ტატუნაშვილი-ოთხზორიას სია, თუ გაეროს რეზოლუცია ჰუმანიტარულ და დევნილთა საკითხებზე. ამ მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობის გააქტიურება ამ დოკუმენტებს უფრო ეფექტიანს გახდის. ჩვენ შორის არის ორმხრივი საკითხები და ვიმედოვნებ, რომ გაიზრდება ეკონომიური, კულტურული თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეთავაზება, გაიმართოს პოლონეთის წელი საქართველოში და საქართველოს წელი პოლონეთში დადებითად და პოზიტიურად მიიღეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. პოლონეთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს სრულყოფილად თავის რეგიონებთან ერთად და არა რეგიონების მივიწყებით.
ჩვენ გვინდა, რომ ეს გამოცდილება მივიღოთ და უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის. პოლონეთში დღეს უმუშევრობის ძალიან დაბალი დონეა, საქართველოს კი აქვს ეს პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთთან დავიწყეთ მუშაობა, რათა დროებითი მიგრაციის საშუალებით დავამარცხოთ არალეგალური მიგრაცია და ავამაღლოთ პროფესიული კვალიფიკაცია. ამაშიც პოლონეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოს, მსურს ეს ყველაფერი რამდენიმე სიტყვაში შევაჯამო: -მეტი ევროპა, მეტი ნატო და მეტი პოლონეთი საქართველოში!"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.