საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა და სამუშაო ლანჩი გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველო - პოლონეთს შორის ურთიერთობების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც მოიცავს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხებს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის დელეგაცის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში ემსახურება კიდევ ერთი განზომილების შექმნის საგანგებო მნიშვნელობის ამოცანას. ,,პოლონეთი სახელმწიფოს ყველა სტრუქტურით საქართველოს პოზიციების გაძლიერების მხარდამჭერია, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში, ასევე ნატოსთან მიმართებაშიც.
საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებს პოლონეთის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც ჩვენს მომავალ ურთიერთობებს უნდა ახასიათებდეს. ამ ურთიერთობებს უკვე აქვს ძალიან კარგი საფუძველი.
სულ ახლახანს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს, შეიქმნა ორმხრივი საპარლამენტო ასამბლეა და პრეზიდენტმაც სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელა პოლონეთის სეიმისა და სენატის წარმომადგენლებთან.
ეს ურთიერთობები ძალიან საინტერესო და იმედისმომცემია, რამეთუ პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული და საკმაოდ გავლენიანი მოკავშირე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.