საქართველოს პრეზიდენტი, პოლონური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ვარშავაში რამდენიმე მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოკოსტის მუზეუმს, ვარშავის აჯანყების მუზეუმს ეწვია და ვარშავის აჯანყებისას დაღუპული პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საჭიროება მუზეუმების განვითარებაში თანამედროვე ნარატიული მუზეუმების შექმნაა. ამ მიმართულებით პოლონეთს  მდიდარი გამოცდილება აქვს.

,,თვენახევრის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცნობილი პოლონელი მუზეოლოგის, ვარშავის ებრაული მუზეუმის ავტორის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელიც მცხეთის მუზეუმის განვითარების კონცეფციას შეეხებოდა. 

პრეზიდენტის სურვილია, რომ პოლონეთთან და მის მუზეოლოგებთან გაღრმავდეს თანამშრომლობა, საქართველოში დაინერგოს პოლონური გამოცდილება, რათა მათი ხელშეწყობით შევძლოთ რეგიონული მუზეუმების განვითარება. ამის ერთ-ერთი მაგალითია მცხეთის მუზეუმი და მისი კონცეფცია", - განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

 

მისი განცხადებით, მეორე მიმართულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მუზეუმებში ვიზიტს ეხება თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობაა, რაც პრეზიდენტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 

,,ჩვენი მიზანია საქართველოში განვითარდეს თანამედროვე ხელოვნების სამუზეუმო სივრცე და ხელი შეეწყოს სახელოვნებო ბაზრის განვითარებას ქვეყანაში, რათა საქართველომ დაიბრუნოს თავისი
ისტორიული როლი რეგიონში", - აღნიშნა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

სხვა სიახლეები