საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მისი ვიზიტების მნიშვნელობასა და დიასპორის როლზე ესაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი ვიზიტებისას, სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები მათი პრობლემების წარმოჩენასა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები უცხოეთში საქართველოს ელჩები არიან და საქართველოს სახეს წარმოადგენენ. სწორედ მათით მსჯელობენ ჩვენს ქვეყანაზე და ისინი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არსებობს დიასპორასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივები, ერთ-ერთი ინიციატივა იუსტიციის სახლებში დიასპორისათვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრას უკავშირდება, რათა ერთი ფანჯრის პრინციპით, სამშობლოში დაბრუნების მსურველმა დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია: საქართველოში ბიზნესის დაწყების, სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროგრამებისა თუ რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მათ უფრო აქტიურად შეძლონ დაბრუნების შემდეგ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა, ქართული დიასპორა უფრო მეტად იყოს ინფორმირებული ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რომელზეც ის დეპუტატობის დროს მუშაობდა და რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ამოქმედდა. პრეზიდენტისა და ქართული დიასპორის შეხვედრას რიგაში ესწრებოდა ასევე საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, რომელმაც დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ხედვა გააცნო.