საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურში “მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალის “ მონაწილეებს მიმართა და რაჭის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. ,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. აქ ჩამოვედით, რადგან მდგრადი განვითარების 17 მიზანი არ იყოს მხოლოდ განცხადებები და შორეული მიზნები. ეს მიზნები არის აქ და დღეს, ამბროლაურში, რაჭაში და ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ მათ. მიზანია ისიც, რომ რაჭის არაჩვეულებრივი ბუნება შევინარჩუნოთ და დავიცვათ, მაგრამ ამავე დროს იყოს განვითარებული, რომ ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც დაბრუნდნენ რეგიონში და აწარმოებენ ყველს და ხორბალს, არ იყვნენ გამონაკლისები და თბილისიდან რაჭისკენ, უცხოეთიდან საქართველოსკენ მოძრაობა იყოს მდგრადი. მე დიასპორის ქომაგი და დამცველი ვარ, რადგან ეს ადამიანები გარემოებების გამო იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ სამშობლო, მათი გული დარჩენილია საქართველოში. უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მათ დაბრუნება შეძლონ, და ამის წინაპირობაა სწორედ ის პროგრამები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს, რომ დაიწყონ წარმოება, რადგან მომავალი საშუალო და მცირე მეწარმეებისაა. დიდი წარმოებები წარსულს ეკუთვნის და ჩვენნაირი ქვეყნისათვის ბევრად მიზანშეწონილია მცირე და საშუალო მეწარმეობა. მიხარია, რომ მეწარმეებს შორის ვხედავ ბევრ ქალს, რადგან მათი როლი ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი როგორც ოჯახის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ღერძნი არიან. ყველამ ვიცით, რომ ქართველი ქალები მაგრები არიან, ამიტომ მათი მონაწილეობა მდგრად განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა რაჭაში პატარა ოდა და ამას უთუოდ განვახორციელებ. ესეცაა თქვენი ძალა, რომ აქ შენარჩუნებულია ტრადიციული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც მოიზიდავს ხვალ ტურისტებსა და მთელ საქართველოს. ღვინო, ყველი, ხორბალი, მთა, თოვლი, თქვენი სიმღერები დანარჩენ მსოფლიოში იშვიათობაა, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, რათა რაჭა გახდეს რეგიონებისათვის განვითარების ერთ-ერთი ისეთი ნიმუში, რომელიც თავის იდენტობას არ დაკარგავს"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.