პრეზიდენტის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრჟიჩეკის შეხვდა.

მხარეებმა საქართველო - ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

ჩეხეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჩეხეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ღია კარისა და გაფართოების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირში საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროში.
​საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპული კულტურისა და განათლების სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაესვა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია ჟენევის ფორმატმა მიიღოს ქმედითი სახე საქართველოს პარტნიორების შუამავლობით. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მონაწილეობას ნატოს მისიებში გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისათვის და განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

ჩეხეთი ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას. მხარეებმა შრომითი მიგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების ჩეხეთში დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩეხეთიდან ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის შესახებ.

სხვა სიახლეები